უკრაინის მხარეს ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი “ბოევიკები” იბრძვიან: რუსეთის სამხედრო დეპარტამენტი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან დაქირავებული მებრძოლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან.

იგი ასევე იტყობინება 100-მდე “ბოევიკისა” და უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის განადგურების შესახებ, რომელთა შორის, კონაშენკოვის თქმით, დაახლოებით 40 დაქირავებული შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან არიან.

“ნიკოლაევო-კრივოიროგის მიმართულებით მტერმა, მოტორიზებული ქვეითი ასეულის ძალებით, ორჯერ შეუტია რუსული ჯარების პოზიციებს ხერსონის ოლქის საბლუკოვკასა და პიატიხატკის დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ რუსეთის სამხედრო დეპარტამენტში.  

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ძალებზე შეტევა განახორციელეს კრასნოლიმანის მიმართულებითაც.

“250-მდე უკრაინელი ჯარისკაცი განადგურებულია”, – განაცხადა 6 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

უკრაინის სამხედრო ძალებმა ორჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქში გამაგრებულ რუსული ჯარების პოზიციებზე, თუმცა წარუმატებლად. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, მოწინააღმდეგე საწყის პოზიციას დაუბრუნდა. მოკლულია 50-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, განადგურებულია 8 ჯავშანტექნიკა და 10 ავტომობილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის რაიონის სოფელ ნოვოპეტროვკასთან უკრაინის ჯარების თვითმავალი საარტილერიო დანადგარის განადგურების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

წყარო: ИЗВЕСТИЯ