ლუდომანიის ზეგავლენა ადამიანზე და გზა სუიციდამდე: ინტერვიუ ფსიქოლოგთან  

მსოფლიო გასართობ ინდუსტრიაში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და დინამიკური სფერო იყო და ასეთად რჩება. ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, აზარტულმა თამაშებმა გზა რეალური კაზინოებიდან ადამიანის საცხოვრებელ ბინამდე ძალიან მოკლე დროში განვლო.

ონლაინ თამაშები ასაკით თუ ფსონით პრაქტიკულად არანაირ ბარიერს აღარ ქმნის. დღეს უკვე, 14 წლის მოზარდს თავისუფლად შეუძლია საკუთარი საძინებლიდან ითამაშოს. ინტერნეტში მოთამაშეს ანონიმურობა აქვს მინიჭებული, რაც ამ სფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ფსიქოლოგიური, სოციალური, თუ ფინანსური ზარალის მიუხედავად ადამიანს თამაშებში მონაწილეობა გაუკონტროლებელ აკვიატებად უყალიბდება, რასაც მოთამაშე თვითმკვლელობაზე ფიქრთან მიჰყავს.

რა გავლენა აქვს მოსახლეობაზე აზარტულ თამაშებს და ლუდომანიის დროს რატომ იჩენს თავს სუიციდური ფიქრები, ამ და სხვა საინტერესო თემებზე  სააგენტო “24 მედიას”  მენტალ ჰაბის” ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი სალომე ხიდიბეგიშვილი ესაუბრა.

– რა წარმოადგენს ლუდომანიის განვითარების რისკ-ფაქტორებს და რა ფსიქოლოგიური მახასიათებელი უყალიბდება მოთამაშეს? 

– დამოკიდებულების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად მიჩნეულია ოჯახთან დაკავშირებული, ინდივიდუალური და სოციალური ფაქტორები. ფაქტორში პირველ იგულისხმება მშობელთა ქცევითი მოდელები და გენეტიკური წინასწარგანწყობები. არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გენეტიკური საფუძველი. კერძოდ, გენეტიკოსებმა შეისწავლეს პოლიმორფიზმის 31 გენი, რომლებიც მონაწილეობს დოფამინის, სეროტონინის, ნორადრენალინისა და გაემის (გამა-გაეამინო-ერბოს მჟავა ანუ GABA-ინჰიბიტორი) გადაცემაში. ინდივიდუალური ფაქტორები მოიცავენ მოთამაშის პიროვნულ ნიშნებს, განსაკუთრებით იმპულსურობას, კოგნიციებს, ემოციურ სფეროსა და ბიოლოგიურ ფაქტორებს. ადიქტური ქცევის (ქცევა, რომელიც გადადის ჩვევაში რედ.) მქონე ტიპის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შორის არის: ყოველდღიური სირთულეების გადატანის დაბალი ნიშნული, ტყუილისკენ სწრაფვა, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, სტერეოტიპული ქცევა, შფოთვა. სოციალური ფაქტორები დაკავშირებულია სოციო-ეკონომიკურ სტატუსთან, განათლების დაბალ დონესა და უმუშევრობასთან.


– რეკლამა არის თუ არა მნიშვნელოვან მაპროვოცირებელი თამაშის ცდუნებისთვის?

– ცხადია. სარეკლამო საქმიანობის მთავარ მიზანს ადამიანების მოზიდვა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება სარეკლამო ინფორმაციის გაფილტვრა ან/და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, რის გამოც, არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ არასრულწლოვნებიც ხდებიან მიმზიდველი სარეკლამო კამპანიის მსხვერპლნი.  უდიდესი პრობლემაა ადვილი ხელმისაწვდომობა. გაცილებით კარგი მოცემულობა გვექნებოდა, სათამაშო ადგილები თბილისიდან მოშორებით რომ იყოს და არა თბილისის ცენტრალურ უბნებში .


– როგორია ლუდომანიის შედეგები და რა ფაქტორები იწვევს ლუდომანში სუიციდურ აზრებს?

-აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი შედეგებია: ინტერესთა სპექტრის შეცვლა, თამაშთან დაკავშირებული აზრების აკვიატება, კონტროლის დაკარგვა, ტყუილისკენ სწრაფვა, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. ფსიქოლოგიური დისკომფორტის მდგომარეობა, რაც ვლინდება დაძაბულობაში, გაღიზიანებასა და შფოთვის მომატებულ დონეში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ღირებულ ურთიერთობებს, სამსახურეობრივი, საგანმანათლებლო ან/და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ზემოთქმული ნოყიერ ნიადაგს ქმნის უმწეობის, დანაშაულის განცდის, მშფოთვარე, დეპრესიული გუნება-განწყობის განვითარებისთვის. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება სტრესული სიტუაციისადმი. განსაკუთრებით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით გამოწვეული სავალალო შედეგების შემთხვევაში. ცხადია, აღნიშნულ ფაქტორებს არ აქვთ უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სუიციდთან, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდიან სუიციდის რისკს.


– მკურნალობის რა მეთოდები არის დღეს შემუშავებული ლუდომანიასთან ბრძოლის მიმართულებით?

– ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე ეფექტიანია: ჯგუფური თერაპია, პიროვნებაზე ორიენტირებული თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი მეცნიერულად დადასტურებული მკურნალობის ყველაზე ეფექტიან ფორმას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის უპირატესობა მის სტრუქტურირებულობასა და დროში განსაზღვრულობაში მდგომარეობს. გარდა ამისა, მას გრძელვადიანი სარგებელი აქვს და მინიმუმამდე ამცირებს რეციდივის რისკს. კოგნიტურ-ქცევითი თერაპია მოიცავს კლიენტის პრობლემისა და საჭიროებების შეფასებას; კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ფუნდამენტური სტრატეგიების გაცნობას კომპულსური ქცევის სტაბილისაზიის მიზნით; დაძლევის მექანიზმების დასწავლას; მიღებული თერაპიული სარგებლის შენარჩუნებასა და რეციდივის პრევენციას.

ესაუბარა ელენე ვადაჭკორია


“ოპოზიციამ მიაგნო ოქროს ძაფს, რომლითაც ახალგაზრდების მობილიზება შეძლო“ – ზაალ ანჯაფარიძე

თბილისური ეზოდან დაწყებული ერთი მსახიობის ისტორია – “თითოეული სპექტაკლი იმ წუთში იბადება და იქვე კვდება”

გადათეთრებული ნაძვები, მოსეირნე ირმები, ჩრდილოეთის ნათება: გიამბობთ ლაპლანდიურ მოგზაურობაზე

მოქანავე ლოდი, ქვაყუნტია, მიწაძიგძიგას ტბა, მოდინახე – იმერეთის ძეგლები და ლეგენდები ერთ წიგნში

თბილისის სახიფათო ზონები და მაღალსართულიანი შენობებით გადაღლილი დედაქალაქი

პოდკასტი