ვინ დაიღალა უკრაინით და რა შეიცვლება აშშ-ში რესპუბლიკელების გამარჯვებით
ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედურია არჩევნები იმართება. დღეს, 8 ნოემბერს, ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ.
წინასაარჩევნო და სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელებს ამ არჩევნებში კონგრესში უმრავლესობის მოპოვების თითქმის 80%-იანი შანსი აქვთ. ივნისში მმართველი პარტია დემოკრატების რეიტინგი უპრეცედენტოდ დაბალი – 16% იყო. ასევე დაბალი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი – 38%, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით, 42%-მდე გაიზარდა.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატაში არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
შიდა პოლიტიკის ჭრილში, შუალედური არჩევნების მიზანია შეაფასოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობა 2 წლის განმავლობაში, ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო კონტურები გამოკვეთოს.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებს უმთავრესი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით აქვს. მთავარი საკითხი, რაზეც შუალედური არჩევნების შედეგებია დამოკიდებული, უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას ეხება.
განვიხილოთ, აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ციფრებში.
2024 წლის 24 თებერვლიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გასაძლიერებლად სულ მცირე 17.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია, რაც 6-ჯერ აღემატება აშშ-ის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, უკრაინის დახმარებას. ამასთან, დახმარების პაკეტში შედის ათასობით თავდაცვითი აღჭურვილობა და იარაღი. მათ შორის: 1400-ზე მეტი Stinger-ის საზენიტო სისტემა, 8500 Javelin-ის საზენიტო სისტემა, 20 მაღალი მობილურობის საარტილერიო, სარაკეტო და საბრძოლო მასალა, მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები და ა.შ.
ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – 81 წლის შემდეგ, ამოქმედდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროგრამა Land-Lease-ი, რომელიც პრეზიდენტს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების უფლებას აძლევს.
შუალედური არჩევნების შემდეგ მთავარი კითხვა იქნება: რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას შეუმცირდება თუ არა ამერიკისგან ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა?
რესპუბლიკური პარტია ორ შიდა ბანაკად – აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებად – არის დაყოფილი. რესპუბლიკელები ძირითად აქცენტს აშშ-ის საშინაო პოლიტიკაზე აკეთებენ. თუმცა, ერთი ნაწილის აზრით, უკრაინის ომი ზეპარტიული საკითხია, მეორე ნაწილის შეხედულებით კი, ამერიკელი მოქალაქეების ინტერესი უკრაინის ომი არ არის.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. სენატში რესპუბლიკელების განცხადებების მთავარი შინაარსი ის არის, რომ არ უნდა დაფინანსდეს გრძელვადიანი სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, რომელსაც აშშ-ისთვის სარგებელი არ მოაქვს.
Wall Street Joutnal-ის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელების 48%-მა განაცხადა, რომ აშშ “ზედმეტს” აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მარტში, ომის დაწყების წინ კი, ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა. ამიტომ, თუ სენატს რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს, სავარაუდოდ, კიევისთვის აშშ-ის დახმარება შემცირდება.
2020 წლის მაისში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა უკრაინისთვის 40 მლრდ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას, წინააღმდეგ ხმა 57-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისცა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები უმრავლესობას მოიპოვებენ, უკრაინა აშშ-ის, კერძოდ, დემოკრატების სახით გულმხურვალე მხარდაჭერას დაკარგავს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკულ დემოკრატიაში, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მხოლოდ პარტიულ დონეზე არ მიიღება და ამერიკაში ხელისუფლების სამივე შტო ერთმანეთს აბალანსებს.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტმა, გელა ვასაძემ განუცხადა, არსებობს ორპარტიული შეთანხმება, შესაბამისად, ამერიკის შუალედური არჩევნები უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე დიდად არ იმოქმედებს, ხოლო ბრალდებები, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ისმოდა, ამ პოლიტიკური პროცესისთვის სრულიად დამახასიათებელია.
მისივე თქმით, მართალია კონგრესში რამდენიმე კონგრესმენი უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგია, თუმცა, ისინი რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც არ წარმოადგენენ უმრავლესობას.
“ამერიკულ საზოგადოებაში უკრაინის მხარდაჭერა არსებობს და აქედან გამომდინარე დიდად არაფერი შეიცვლება. ყველა გადაწყვეტილება უკვე სტრატეგიულად არის მიღებული”, – განუცხადა ვასაძემ მედია სააგენტო “24”-ს.
გელა ვასაძის აზრით, როდესაც ომი დასრულდება, დაიწყება გარჩევები, ვინ როგორ ეხმარებოდა უკრაინას და ვინ, რა პოზიციაზე იდგა. რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტი ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებას “სახარბიელო” მდგომარეობაში ვერ ხედავს, რადგან გარდა საერთაშორისო არენაზე და გაეროს რეზოლუციების ფარგლებში მხარდაჭერისა, საქართველომ უკრაინას “ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა”.
ვასაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო უკრაინისთვის ადგილობრივი წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები – “დიდგორი” და “ლაზიკა” მიეწოდებინა.
“მხარდაჭერა იქნებოდა, თუ კი ჩვენ უკრაინას მივაწვდიდით საბრძოლო იარაღს. მაგრამ ჩვენ ასე არ ვიქცევით. ჯავშანტრანსპორტიორ “დიდგორზე” საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა უკრაინაში და სწორედ იარაღის მიწოდება იქნებოდა დახმარება”, – განუცხადა “24”-ს გელა ვასაძემ.
ბუნებრივად ისმის კითხვა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემთხვევაში საქართველო გახდება თუ არა რუსეთის ღია აგრესიის ობიექტი, ვასაძე პასუხობს, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობაში საფრთხის შემცველი არაფერია.
“რუსეთმა თავისი რესურსები ამოწურა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ყველგან”, – აცხადებს გელა ვასაძე.
აღნიშნულ თემასთან მიმართებით, განვიხილოთ, The Washington Post-ის გახმაურებული სტატია. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კონფიდენციალურად მოუწოდებს უკრაინას, მზაობა გამოხატოს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, აშშ მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს უარი თქვან იმ საჯარო განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებებს რუსეთთან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხელისუფლებაში აღარ იქნება.
The Washington Post-ის ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის თხოვნა მიზნად არ ისახავს უკრაინის იძულებას, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ ეს არის მცდელობა შენარჩუნდეს უკრაინის მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, რომლებიც პუტინის ომის გამო, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისს, ბირთვული ომის მოსალოდნელ საფრთხეს განიცდიან.
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საჯაროდ მოთხოვნა განსაკუთრებით რთული ბოლო დროს, უკრაინელი ლიდერების განცხადებების გამო გახდა. აშშ-ის ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი ამჟამად მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად განწყობილი არ არის. თუმცა აღიარებენ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმამ, შეშფოთება გამოიწვია ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც ომის გავლენა, სურსათისა და ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ყველაზე მეტად იგრძნობა.
“ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი უკრაინით რეალურად გადაღლილია” – ანონიმურად უყვება ამერიკის ერთ-ერთი ოფიციალური პირი “ვაშინგტონ თაიმსს”.
ამ ფონზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში ჩადის, სადაც ზელენსკის ხვდება და უკრაინას ურყევ მხარდაჭერას პირდება.
“აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ ხმებს ორივე პარტიიდან, რომ უკრაინის მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. აშშ უკრაინის გვერდით იქნება მანამ, სანამ ბრძოლას დასჭირდება. ეს ომი შეიძლება დასრულდეს ძალიან მარტივად, რუსეთმა აირჩია მისი დაწყება და ეს დასრულდება უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტით”, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა კიევში.
ვაშინგტონის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც სალივანმა დაადასტურა, მოიცავს: 400 მილიონ აშშ დოლარს, 45 ერთეულ T-72-ის ტანკს, 250 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს, 40 ერთეულ ჯავშანტექნიკას და 1100 ერთეულ დრონს.
ვლადიმერ პუტინი კვლავ განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას. ერთი თვის წინ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის რეალური გარანტი. ამ განცხადებების ფონზე კი, დასავლეთი, რომლის დახმარებაზეც კიევი მთლიანად არის დამოკიდებული, უკრაინის ხელისუფლების მაღალი პირების უხეშ საჯარო საყვედურებს იგერიებს.
რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ეკონომიკური, ფინანსური და ენერგეტიკული, პრობლემები უკვე გააღრმავა ევროპაში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იემენში, ავღანეთში და სომალიში შიმშილის პრობლემა შექმნა. ხანგრძლივ კონფლიქტთან დაკავშირებით შეშფოთება განსაკუთრებით შესამჩნევია იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე ყოყმანობდნენ უკრაინის მხარდაჭერას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკამ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელმაც რუსეთის ანექსია დაგმო და განაცხადა, რომ მსოფლიომ ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა გაამახვილოს ყურადღება. ასევე, ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ზელენსკი ომზე ისეთივე პასუხისმგებელია, როგორიც პუტინი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც ურთიერთობის დაბალანსებას ცდილობდა მოსკოვთან და კიევთან, ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დახმარება შესთავაზა.
ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ უარის მიუხედავად, ზელენსკის მოუწევს პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს, როგორც ომის დასაწყიში განაცხადა. მათი მოსაზრებით, კიევი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს ზამთრის დადგომამდე, რათა დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას.
ავტორი: ინგა ფუტკარაძე