საცობებში გაჭედილი მსოფლიოს ქალაქები
საცობი მსოფლიოს ბევრი ქალაქის თავის ტკივილია. პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი გზაც გამოუყენებიათ, რამდენიმე მაგალითს კი სწორედ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.
ბარსელონაში, რომელიც ე.წ „ჭკვიან ქალაქებში“ ერთ-ერთი გამორჩეულია, საცობების შემცირება პარკინგის მენეჯმენტითა და მოძრაობის მაკონტროლებელი კამერებით სცადეს.
საპარკინგე ადგილებზე სენსორები განთავსდა, ამით შესაძლებელი გახდა, რეალურ დროში, თავისუფალი ადგილების ნახვა. ინფორმაცია ქალაქის WiFi-ის საშუალებით მიეწოდება მომხმარებლებს.
რაც შეეხება სინგაპურს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად 1998 წელს გზის ელექტრონული საფასური შემოიღეს. თეორია ეყრდნობა ეკონომიკის საბაზისო პრინციპს, რომ ფასის ზრდა მოთხოვნას ამცირებს.
დღეს, ეს სისტემა სრულიად ავტომატიზებულია და მძღოლებს ტარიფებს, მდებარეობის, დღის მონაკვეთის, მანქანის ტიპისა და რეალურ დროში სიჩქარის მიხედვით უდგენს.
ამ მექანიზმს, სხვადასხვა სახით, არა მარტო სინგაპური, არამედ ბევრი ქალაქი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლონდონი, სტოკჰოლმი და სხვ. განიხილება ამ მეთოდის მეტროში გამოყენებაც.
სეულში ინოვაციური და ამასთანავე მარტივი გზა მოიფიქრეს.
კორეული ნავთობის კომპანია ,,S-OIL’’ – ის კამპანია სახელად „აქ“ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. ყველა საპარკინგე ადგილზე ყვითელი ბუშტია მიბმული, რომელსაც აწერია „აქ“. როდესაც ადამიანი მანქანას აჩერებს, ბუშტი ძირს ეშვება, ხოლო როდესაც ტოვებს ადგილს, ბუშტი ისევ მაღლა ადის, რაც მიანიშნებს, რომ სივრცე თავისუფალია.
მიუხედავად იმისა, რომ იდეა არ არის მაღალტექნოლოგიური და ეფექტიც არც ისე მკვეთრია, მის განსახორციელებლად მცირე რესურსებია საჭირო, ადვილად გამოსაყენებელია და მძღოლებს დროის დაზოგვის საშუალებასაც აძლევს.
ლელა დევდარიანი