ჯო ბაიდენი კმაყოფილია – “ამერიკელები იმედგაცრუებულები არიან”

ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ამერიკელები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის, საწვავის გაძვირებისა და სხვა პრობლემების გამო იმედგაცრუებულები არიან.

არჩევნები აშშ-ში

8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. ამერიკელებმა წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატი, 35 სენატორი და 36 გუბერნატორი აირჩიეს. მართალია არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო და სოციოლოგიური გამოკითხვები რესპუბლიკელებს გამარჯვების 80%-იან შანსს უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ხმების დათვლის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 48, რესპუბლიკელებს 49, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს 187, რესპუბლიკელებს კი 203 მანდატი აქვთ. იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა სენატის გაკონტროლება შეძლონ კიდევ 2 მანდატი უნდა მოიპოვონ.

მეორე ტურია მოსალოდნელი ჯორჯიას შტატში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა. დემოკრატ რაფაელ უარნოკს 49 % აქვს, ხოლო რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს 48%. შედეგად სენატის ბედს სწორედ ჯორჯიას შტატი განსაზღვრავს.

დემოკრატების ლიდერი ჯო ბაიდენი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, თუმცა მისი თქმით, ჩანს, რომ ამერიკელები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის, საწვავის გაძვირებისა და სხვა პრობლემების გამო იმედგაცრუებულები არიან.

“ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიაა ის არის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. რასაც პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ხმებს ნევადის, ვისკონსინისა და ჯორჯიას შტატებიდან ელოდებიან. შედეგების რადიკალურად შეცვლა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ჯო ბაიდენი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს ისეთ თემებზე, როგორიცაა აბორტი, მდიდრებისთვის გადასახადის შემცირება.

საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის ომთან დაკავშირებით, ბაიდენს ორპარტიული თანამშრომლობის იმედი აქვს.  მოსალოდნელი “წითელი ტალღა” არ შედგა და რესპუბლიკელები კონგრესს სრულად ვერ გააკონტროლებენ. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილს, მათ შორის, პენსილვანიასა და მიჩიგანში ამერიკელებმა უარი უთხრეს.

რესპუბლიკელთა მომხრეები და პარტიის წევრები აცნობიერებენ, რომ პარტიის წარმატებას სწორედ ტრამპი აფერხებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მოლოდინი არც თავად დონალდ ტრამპს ჰქონდა.

“ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება”, – აცხადებდა ის შუალედური არჩევნების წინ.

მოამზადა ინგა ფუტკარაძემ