მსოფლიო 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის

ბრიტანეთში, სამუშაო კვირის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამა ექვსთვიანია და მასში სხვადასხვა სფეროს 70-ზე მეტი კომპანიის 3 300 თანამშრომელი მონაწილეობს. იმის მიუხედავად, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, 41 კომპანიისგან მიღებულ შედეგებს აჯამებენ.

41 კომპანიიდან, თითქმის ყველამ განაცხადა, რომ 4-დღიანმა სამუშაო კვირამ პროდუქტიულობაზე ან არ იმოქმედა, ან გაზარდა. კომპანიების ხელმძღვანელების თქმით, შემცირებულმა სამუშაო კვირამ, მათ თანამშრომლებს საშუალება მისცათ უფრო მეტი დრო დაეთმოთ საკუთარი თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ვარჯიშისთვისა და სხვადასხვა ჰობისთვის, რამაც დასაქმებულების მენტალური მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა და ისინი ბევრად უფრო მოტივირებული გახადა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მსგავს ექსპერიმენტს ატარებენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. საცდელი პროგრამის შედეგებმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში კი აჩვენა, რომ 4-დღიან სამუშაო კვირაში თანამშრომლებმა იმავე რაოდენობის ან უფრო მეტი საქმე გააკეთეს.

ბელგია უკვე გადავიდა 4-დღიან სამუშაო კვირაზე. თებერვლის თვიდან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულებს 4-დღიანი სამუშაო კვირის მოთხოვნის უფლება აქვთ. კვირის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა და ანაზღაურება უცვლელია, თუმცა არჩევანის შემთხვევაში, დასაქმებულებს შეუძლიათ, კვირაში 5-ის ნაცვლად 4 დღე იმუშაონ.

რაც შეეხება საქართველოს, ოქტომბერში ქართული საწარმო ტენე 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. თანამშრომლები ხუთი დღის განმავლობაში 8-საათიანი მუშაობის ნაცვლად, 4 დღე 10-10 საათის განმავლობაში მუშაობენ, დარჩენილი 3 დღე კი ისვენებენ.

თაკო ბოკუჩავა