საქართველო მშპ-ს ზრდის მიხედვით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია

საქართველო მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის მიხედვით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში ვკითხულობთ.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ასევე, ბანკის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება – რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.

“2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ამბობს, რომ საქართველოში ვხედავთ ეკონომიკური ზრდის 8.8-პროცენტიან მაჩვენებელს, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მისივე თქმით, ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.

“ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ ინფლაცია გაიზრდება. და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობას ვურჩევთ შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი.“ – განაცხადა მოლინეუსმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 10.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლიაზიზა საბიროვას განმარტებით, მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.

მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.