რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყო
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა მობილიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ინფორმაცია ოლქების გუბერნატორებმა გაასაჯაროვეს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ მათ ახალი სამობილიზაციო დავალება მიიღეს. „როსტოვის ოლქმა მიიღო ახალი სამობილიზაციო დავალება და მუნიციპალური გაწვევის კომისიებმა მისი განხორციელება უკვე დაიწყეს. ყველა პროცედურის შესრულებას, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, გააკონტროლებენ“- წერს ვასილი გულუბევი Telegram-ზე.
მეორე ოლქი, სადაც მობილიზაცია გამოცხადდა არის კურსკი. “პირველი დავალება 100%-ით შევასრულეთ, ახლა მეორე მივიღეთ და სამხედრო კომისარიატებთან ერთად ვმუშაობთ ამ ამოცანის შესრულებაზე”, – განაცხადა კურსკის პირველმა ვიცე-გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რეზერვისთვის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მობილიზება გამოაცხადა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპირებენ 300 000-მდე ადამიანის გაწვევას.
მოგეხსენებათ, მობილიზაციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთიდან საქართველოში, ყაზახეთსა და ევროკავშირში დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა. ამის მტკიცებულებაა ისიც, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსების კილომეტრიანი რიგებია.
წყარო: UNIAN
ქეთა მელიქიშვილი