54 წლის ტელეწამყვანი სლოვენიას პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
სლოვენიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, 54 წლის ადვოკატმა და ტელეწამყვანმა, ნატაშა პირც მუსარმა გაიმარჯვა. მან ხმების 53.86% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა მემარჯვენე შეხედულების, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანჟე ლოგარმა 46.14% მიიღო. ამდენად ქვეყანას პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება.
პირც მუსარის გამარჯვებით, სლოვენიაში მემარჯვენეებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ანჟე ლოგარმა კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ პრეზიდენტი მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ფიგურა იქნებოდა, რაც სლოვენიის დემოკრატიულ სისტემას უფრო მეტად გააჯანსაღებდა.
ნატაშა პირც მუსარის თქმით ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სლოვენიაში მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის დაპირისპირება აღმოიფხვრას.
საინტერესოა, რომ 2 კვირის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ნატაშა პირც მუსარმა ანჟე ლოგარზე ნაკლები ხმები მიიღო. არჩევნებზე პირც მუსარმა ხმების 27% მიიღო, ხოლო ლოგარმა 34%.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო პრეზიდენტი ყველასთვის. დავიცავ ადამიანის ფუნდამენტურ და კონსტიტუციურ უფლებებს დემოკრატიისთვის”, – განაცხადა ნატაშა პირც მუსარმა გამარჯვების შემდეგ.
ადამიანის უფლებათა დამცველმა, სლოვენიის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი “ქალების ხმა იქნებოდა”, როგორც სლოვენიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პირც მუსარი ყოფილი ტელეწამყვანია, რომელიც გავლენიანი იურისტი გახდა. იგი საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე. ასევე ჩართული იყო მელანია ტრამპის სასამართლო დავაში, სადაც ტრამპის დაცვის მხარეს წარმოადგენდა.
ცნობისთვის, სლოვენიაში პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს. იგი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამასთან წარადგენს რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს.
ნატაშა პირც მუსარის სლოვენიის ცენტრისტ პრეზიდენტ ბორუტ პაჰორს შეცვლის, რომელიც 30 წელია პოლიტიკაში მოღვაწეობს. პაჰორი სლოვენიის პრეზიდენტი ორი ვადით იყო. ბორუტ ჰაპორს სოციალური ქსელის ხშირი გამოყენების გამო, ხშირად “ინსტაგრამის პრეზიდენტს” უწოდებენ.
ინგა ფუტკარაძე