დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, ამერიკის „ოქროს ხანა“ დაიწყება: ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის, რათა ამერიკამ დიდება ისევ დაიბრუნოს.
“ვაცხადებ ჩემს კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჩემი პრეზიდენტობის 4 მოკლე წელიწადი იყო დიდებული, ამერიკამ “ათწლეულის” მშვიდობა დაამყარა მსოფლიოში. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. ამერიკის „ოქროს ხანა“ დაიწყება, ამერიკა ისევ დიდებული გახდება”, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა საკუთარ რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში გამართულ ბრიფინგზე.
მან მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აღნიშნა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ დამარცხდა, რომ ამ არჩევნებში ჩინეთი ჩაერია. კერძოდ, საუბარია საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების განხორციელებაზე და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მანიპულაციაზე.
“მილიონობით ამერიკელისთვის ჯო ბაიდენის მმართველობის ორი წელი იყო ტკივილი, გაჭირვება და სასოწარკვეთილება”, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან ისაუბრა ინფლაციაზე, ენერგო კრიზისზე, საზღვრების გაუკონტროლებლობასა და არალეგალურ მიგრაციაზე, აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვებაზე.
როგორც ტრამპი აცხადებს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინაში არასდროს შეიჭრებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი, საპასუხოდ განაცხადა, რომ “ტრამპმა ამერიკა საგრძნობლად უკან დახია“. მეტიც, ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა გადასახადების შემცირებითა და ციფრების მანიპულაციით მდიდრების მოტყუებაში, ექსტრემისტების წახალისებასა და ქალთა უფლებების შეზღუდვაში.
რამდენად აქვს შანსი დონალდ ტრამპს მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი?
ქართველი ექსპერტების აზრით, თუ კი ბაიდენი მეორედ წამოაყენებს კანდიდატურას, ტრამპის შანსები გაიზრდება, ვინაიდან ამერიკაში არსებული ფინანსური, ენერგო და ეკონომიკური კრიზისი ბაიდენის რეიტინგს მნიშვნელოვნად აზიანებს.
ტრამპის წინააღმდეგ არაერთი გამოძიებაა დაწყებული, მათ შორის, 2021 წლის 6 იანვარს, ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრა; მისი კომპანია “ტრამპის ორგანიზაციის” მიერ, ქონების მილიარდ დოლარამდე უკანონოდ გაზრდა.
ასევე, ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკისას ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ ( FBI) საიდუმლო დოკუმენტები იპოვა. ტრამპი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ მოუწყვეს, მაგრამ სენატში რესპუბლიკელებმა ორივეჯერ გაამართლეს.
8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე, ტრამპის მხარდაჭერილ კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, მარცხი განიცადა. ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ტრამპი მეორე პრეზიდენტი იქნება არათანმიმდევრული ვადით. ამერიკის ისტორიაში ასეთი პრეზიდენტი იყო გროვერ კლივლენდი, რომელიც თანამდებობაზე ჯერ 1884 წელს აირჩიეს, შემდეგ კი 1892 წელს.
ინგა ფუტკარაძე