დავით ყიფიანი – ფეხბურთელი, რომელიც ბრმად არ მიჰყვებოდა მწვრთნელის მონახაზს

18 ნოემბერი ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის – დავით ყიფიანის – დაბადების დღეა.

ის თბილისის “დინამოს”, “ლოკომოტივისა” და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. მის სახელს უკავშირდება თბილისის “დინამოს” ყველაზე ხმამაღალი გამარჯვებები. მას 245 მატჩში გატანილი აქვს 78 გოლი. ფეხბურთელი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე და მწვრთნელად მუშაობდა.

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 35-ე სპორტსკოლა. მისი პირველი მწვრთნელი პ. ჭელიძე იყო. 17 წლისა უკვე თბილისის “დინამოს” რიგებში თამაშობდა, სადაც თბილისის “ლოკომოტივიდან” მივიდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა თამაშს ფრეზე ასრულებს. ამ ფონზე თბილისის “დინამო” ლამის ერთგვარ “ოაზისს” წარმოადგენდა არა მხოლოდ შედეგის, არამედ ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ამ დიდ სპორტსმენებს შორის თავის გამოჩენა და გამორჩევა არცთუ იოლი საქმე იყო, მაგრამ ყიფიანმა ეს მოახერხა და მოახერხა, უპირველესად, იმ უნიკალური თვისების წყალობით, რომელიც მხოლოდ ერთეულების, უმაღლესი კლასის ფეხბურთელების დამახასიათებელია და ეს არის მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება. სწორედ ამ თვისების გამო ადარებდნენ ყიფიანს ლეგენდარულ ჰოლანდიელ კრუიფს. კრუიფის მსგავსად, ყიფიანიც სიტუაციის მიხედვით, თამაშობდა. ის იყო ყველგან, სადაც კი გუნდს მისი დახმარება ესაჭიროებოდა.

მოწინააღმდეგეების მჭირდო თამაშის დროს შექმნილი, თითქოსდა, გამოუვალი მომენტებისას, როცა სიტუაციის გარდასახვა და თამაშის გადაწყობა იყო აუცილებელი, მისი გრძელი გადაცემები ყველამ იცოდა. ის იყო ფართო პროფილის მოთამაშე – საუკეთესო ნახევარმცველი და საუცხოო ფორვარდი. ყიფიანი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც საკუთარი თამაშის, “მონოლოგის”, შეთავაზება შეუძლიათ მაყურებლისათვის. იგი აკეთებდა სვლებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მიაჩნდა საჭიროდ და ბრმად არ მიჰყვებოდა მწვრთნელების მკაცრ მონახაზს. ამის გამო მას ხშირად არ იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც საერთო ჯამში, მხოლოდ 19 მატჩი ითამაშა 7 გოლის შედეგით. განსაკუთრებით არ ესმოდა მისი საკავშირო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლობანოვსკის, ამიტომ ყველაზე ნათელი და ბრწყინვალე პერიოდი მის კარიერაში უკავშირდება თბილისის “დინამოს”.

ყიფიანის დებიუტი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 1971 წელს შედგა “ფახთაქორის” წინააღმდეგ, როცა ცხრამეტი წლის დამწყებმა ფეხბურთელმა მოედანზე თავისი კუმირი – სლავა მეტრეველი შეცვალა.

1976 წელს დავით ყიფიანი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად კანადის ოლიმპიადაზე გაემგზავრა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ლობანოვსკიმ იგი მოედანზე არც კი გამოიყვანა. შედეგად, საბჭოთა ნაკრების მიერ აღებული ბრინჯაოს მედლები მას არ ერგო. ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება, რომელიც ფეხბურთელმა ისე განიცადა, რომ სიმწრისაგან თურმე სასტუმროს აივანზეც კი იტირა.

1977 წელს დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ პერიოდის ყველაზე ხმაურიან წარმატებად თბილისელი ფეხბურთელებისათვის მილანის “სან-სიროს” სტადიონზე “ინტერის” დამარცხება იქცა. დავით ყიფიანმა მილანელთა გამოცდილ მცველ ფაკეტტის ბურთი მოხერხებულად აართვა, პირისპირ გავიდა მეკარესთან და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მისკენ ბევრი წამყვანი ევროპული კლუბის მესვეური მზა კონტრაქტებით ხელში დაიძრა, მაგრამ ყიფიანი ყველას უარით ისტუმრებდა.

დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” 1981 წლის ტრიუმფის მონაწილეც იყო, როცა მისმა გუნდმა იენის “კარლ-ცაისს” სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ფეხბურთელი, ამდენი ჯილდოს ფლობასთან ერთად, ღირსების ორდენის კავალერიცაა. დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს საფეხბურთო თასიც არსებობს.

სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევამ ნაადრევად დაასრულა მისი სიცოცხლე. დიდი ფეხბურთელის ბედი ისეთივე ტრაგიკული აღმოჩნდა, როგორც მისი თანაგუნდელის, ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის – ვიტალი დარასელიასი – ორივეს სიცოცხლე ავტოავარიას ემსხვერპლა… საქართველოს ნაკრებიდან და ქუთაისის “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ, 2001 წლის შემოდგომაზე, დასასვენებლად ქობულეთში გაემგზავრა. იქ, მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა და კვლავ სამუშაოზე დაბრუნება გადაწყვიტა. 2001 წლის 17 სექტემბერს, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, სოფელ ჩარდახთან, დიდი სიჩქარით მიმავალი ახალი “მერსედესით” დიდ კაკლის ხეს შეეჯახა…

აი, რას ყვება ამ ამბის თვითმხილველი კობა ჩიხლაძე:

“თბილისიდან გორში მივდიოდით, სოფელ ჩარდახთან დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი შევნიშნეთ, ჯიპმა ერთ მანქანას გაასწრო, მწკრივში ჩადგა, მაგრამ უცბად გზიდან გადავიდა და დიდ ხეს შეეჯახა, რამდენიმე წამში მანქანასთან აღმოვჩნდით, რის ვაი-ვაგლახით გავაღეთ დეფორმირებული კარი და… დავით ყიფიანი ვიცანით, რომელიც დარტყმისგან მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდა, გულ-მკერდის არეში ჰქონდა დაზიანებები და მივხდით, რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო წამები იყო…”

ლეგენდარული ფეხბურთელი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრეს. რამდენიმე თვეში ის 50 წლის გახდებოდა.

დავით ყიფიანის ტრაგიკული გარდაცვალება ქართულმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივართა მრავალათასიანმა არმიამ, ძალიან განიცადა. საქართველოს სპორტული საზოგადოებისა და საფეხბურთო სპეციალისტების საყოველთაო აღიარების თანახმად, თბილისის “დინამოს”, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში, დავით ყიფიანი, დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად რჩება.

 

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი