ვინ გადაკვეთა წითელი ხაზი ნატოს მიმართულებით და ვის ინტერესშია მესამე მსოფლიო ომი
არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერიით, რაკეტა პოლონეთში რუსეთის ფედერაციამ ალიანსის “დასატესტად” და პროვოკაციაზე წამოსაგებად ჩამოაგდო, ან რაკეტა უკრაინამ გამიზნულად ისროლა, რათა დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა მიეღო და ნატოს მე-5 მუხლი – “კოლექტიური თავდაცვის შესახებ”, ამოქმედებულიყო.
რუსეთ-უკრაინის ომის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ რუსული რაკეტა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 15 ნოემბერს, პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურმა მედიამ გაავრცელა.
სანამ გამოძიების პირველადი ვერსია იქნებოდა ცნობილი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევდა, რომ რუსეთმა წითელი ხაზი გადალახა და ნატოს წევრი სახელმწიფოს მიმართულებით დარტყმა განახორციელა.
ვინაიდან რაკეტები რუსული წარმოების იყო, საერთაშორისო საზოგადოებაში ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ პოლონეთზე მიტანილ იერიში. პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას გეგმავდა. მე-4 მუხლის თანახმად, თუ კი ნატოს რომელიმე წევრი თვლის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა, მაშინ ალიანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს. განიხილებოდა ნატოს მე-5 მუხლის – კოლექტიური თავდაცვის ამოქმედების შესაძლებლობაც, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, სხვა ყველა მოკავშირეზე თავდასხმას გულისხმობს.
სამხედრო ანალიტიკოს და პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, სავარაუდოდ ეს იყო სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინები გადააქვს. ასეთი ტიპის რაკეტას ისვრიან მხოლოდ რუსეთის ბირთვული ტრიადის სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა: T-95, T-95 R, T-160. სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით, ასევე ამ რაკეტის გამოშვება შეეძლო E31-ს, რომელიც არის სტრატეგიული, შემტევი დანიშნულების მოიერიშე.
მედია სააგენტო “24”-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ როდესაც ორი სახელმწიფო ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმას ახორციელებს, რაკეტა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემთხვევით ჩამოვარდეს, ვახტანგ მაისაიამ განმარტა, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია. ვინაიდან თუ კი სროლისას ტრაექტორია შეიცვალა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს მსგავსი რაღაცები ახასიათებს. თუმცა, რაკეტის ტრაექტორიის გადახრისა და სიძლიერის გათვალისწინებით, მაისაია პოლონეთში მომხდარ ფაქტს რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერის თავდაცვის სარაკეტო სისტემას არ უკავშირებს. გავრცელებული სურათების საფუძველზე ფიქრობს, რომ გამოყენებული რაკეტის მოდელი ძალიან ჰგავს ან HA-101-ს ან მეორე ექსპერიმენტული მოდელი HA -555-ს. მისი განცხადებით ჩამოვარდნილი რაკეტა სწორედ HA -555 შეიძლება იყოს.
“რაკეტა პირდაპირ ისეთი ტრაექტორიით დაეცა, რომ გამოიწვია ადამიანების მსხვერპლი და დარტყმის რადიუსი იყო სერიოზული. ამას ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა თუ შეძლებდა და არა ის რაკეტა, რომელიც არის მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელმაც რაკეტა ნატოს ტერიტორიაზე გაისროლა.
“ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალის პოზიციით კი რუსეთის აგრესიამ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრები გადაკვეთა, რასაც ცივილიზებულმა სამყარომ პასუხი უნდა გასცეს. აღნიშნული განცხადებებით, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ჩვეულად ცდილობდა უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვას და დასავლეთის დახმარების გაძლიერებას.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული რაკეტა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ჩამოგდება ინდონეზიაში მიმდინარე “დიდი ოცეულის” სამიტს (G20) დაემთხვა, სადაც მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობისთვის ჩავიდა.
ფაქტმა საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი შეშფოთება და გაურკვევლობა გამოიწვია. “დიდი ოცეულის” (G20) მონაწილე, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და პოლონეთს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს მიმდინარე გამოძიების დროულად დასრულებაში. აღნიშნული განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა ნატოს კრიტიკოსებისთვის, რომლებიც ალიანსს არაეფექტიანობაში ადანაშაულებენ.
ბალტიისპირეთის პატარა სახელმწიფოების, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთის გაცხადებული პოზიცია იყო, რომ ისინი ნატოს მთელ ტერიტორიას დაიცავდნენ. მსგავსი განცხადება გააკეთა პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა, რომლის თქმით, აშშ ნატო-ს ყველა სანტრიმენტს დაიცავს.
რუსი პროპაგანდისტები, მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სოლოვიევი აცხადებდნენ, რომ პოლონეთში რაკეტა ან უკრაინამ ჩამოაგდო ან ეს ბრიტანეთისა და პოლონეთის პროვოკაცია იყო რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან დიმიტრი მედვედევის თქმით კი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რითაც მსოფლიო ომს უახლოვდება.
პარადოქსია, თუმცა სავარაუდო სიმართლე რუსულ ნარატივთან ახლოს აღმოჩნდა.
რა მოხდა სინამდვილეში?
ურთიერთბრალდებების ფონზე, პირველი სკანდალური ინფორმაცია Associated Press-მა გაავრცელა, რომლის თანახმად ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, პოლონეთში რაკეტა უკრაინელებმა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად ჩამოაგდეს.
ეს ვარაუდი გაამყარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის განცხადებით, ტრაექტორიის მიხედვით ნაკლებ სავარაუდოა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ესროლათ.
ბაიდენს დაეთანხმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რომელსაც სჯერა რომ აფეთქებასთან რუსეთს კავშირი არ აქვს.
საბოლოოდ, ეჭვები და განცხადებები პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით დადასტურდა. დუდამ თქვა, რომ დიდი ალბათობით პოლონურ სოფელში რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, რაც შემთხვევით მოხდა.
ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა?
დასავლეთი შეთანხმდა, რომ ჩამოაგდო თუ არა უკრაინამ თავდაცვის მიზნით პოლონეთში რაკეტა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება.
აღნიშნული თვალსაზრისი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაამყარა.
“ეს არის ომისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის პირდაპირი შედეგი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მსგავსი პოზიცია აქვს აშშ-საც. თეთრი სახლის ოფიციალური პოზიციით, პოლონეთის ტრაგედია არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებაში ისმოდა კითხვა იქონიებდა თუ არა მომხდარი გავლენას უკრაინისთვის თავდაცვისა და შეიარაღების საშუალებების მიწოდების შემცირებაზე?
აღნიშნული ეჭვები გააქარწყლა იენს სტოლტენბერგმა, რომლის თქმით, ნატოს პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაა.
თავდასხმის ღამესვე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა, საიდანაც 21,7 მილიარდი დოლარი უკრაინის შეიარაღებასა და თავდაცვით დახმარებას მოხმარდება. უკრაინას დამატებით 34 მილიონ დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს კანადაც.
საბოლოოდ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება მოჰფენს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინიდან გასროლილი არ იყო და საგამოძიებო ჯგუფში ჩართვას ითხოვს.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, მოლდოვაში, ნასლავჩას დასახლებაში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, უკრაინის თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამიტომ, სავარაუდოდ, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტაც მოლდოვის სცენარის გამეორებაა, იმ განსხვავებით, რომ პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და მოლდოვა არა.
მომხდართან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთნი ფიქრობენ, რომ რაკეტა პოლონეთში რუსეთის ფედერაციამ ალიანსის “დასატესტად” და პროვოკაციაზე წამოსაგებად ჩამოაგდო, რათა გაეგო, რამდენად არის მზად ნატო ღიად დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ნატო-მ კი, მესამე მსოფლიო ან ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, მომხდარი დამალა და უკრაინას “დააბრალა”, თუმცა ამას რუსეთთან მოლაპარაკებებში “ტერიტორიებით ვაჭრობისას” გამოიყენებს, როგორც შანსს.
მეორე ვერსიის მიხედვით, რაკეტა უკრაინამ გამიზნულად ისროლა, რათა დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა მიეღო და ნატოს მე-5 მუხლი – “კოლექტიური თავდაცვის შესახებ”, ამოქმედებულიყო.
მესამე ვერსიის თანახმად კი, ვინაიდან შემთხვევის ადგილი ომიდან 5 კილომეტრში მდებარეობს, რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ან რუსეთის ან უკრაინის მიერ შემთხვევით ჩამოვარდა.
პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის მოსაზრებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის შემდეგ, მსოფლიო საზოგადოებაში უკრაინის “სიწმინდისა” და “მორალური უპირატესობის” პარადიგმა გაწყდა.
“ჩვენ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ რუსეთი კლავს, უკრაინა არ კლავს, უკრაინა თავს იცავს. ახლა კი სწორედ უკრაინელებმა მოკლეს ორი უდანაშაულო მოქალაქე”, – ამბობს არჩილ სიხარულიძე და დასძენს, რომ დასავლეთმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინის იმიჯს.
სიხარულიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს მართლაც რომ ჩამოეგდო რაკეტა ნატოს “გასამწარებლად”, ალიანსი მე-5 მუხლის ამოქმედებით, არც ჯარებს შეკრებდა და არც რუსეთს დაესხმებოდა თავს. იგი ფიქრობს, რომ რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაედებოდა, ამიტომ დასავლეთს მომხდარის უკრაინაზე “დაბრალების” საჭიროება არ ჰქონდა.
მისივე თქმით, ზელენსკიმ მკაცრი რიტორიკით არ მიიღო ეს ბრალდება, მოუწოდა ევროპას და მოითხოვა, რომ ფაქტი უკრაინელებმა გამოიძიონ.
“როდესაც სახელმწიფო გასაჭირშია და ბოლო ძალებით იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ის ბევრ რამეზეა წამსვლელი, თუნდაც იმაზე, რომ დასავლეთი რუსეთთან ღია დაპირისპირებაში ჩაითრიოს. მომხდარი ფაქტი უკრაინელებმა რომ გამოიძიონ, წინასწარი დასკვნა ვიცით. იტყვიან, უკრაინელები არაფერ შუაში არიან და ყველაფერი რუსეთის ბრალია”, – აცხადებს სიხარულიძე.
მისივე თქმით, როცა ორი რაკეტა ჩამოვარდა, პრეზიდენტი ზელენსკი არც კი დალოდებია გამოძიებას, თითი პირდაპირ რუსეთისკენ გაიშვირა და თქვა, რომ რუსეთი თავს დაესხა ნატოს წევრ სახელმწიფოს. გამოდის, რომ მას ნატოს წევრი სახელმწიფოების რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში ჩათრევა უნდოდა.
არჩილ სიხარულიძე გადაჭრით არ ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა რაკეტა წინასწარი განზრახვით ჩამოაგდეს, თუმცა ფიქრობს, თუ პოლონეთსა და ევროკავშირს მოუნდება, მომხდარს ზუსტად გამოიძიებენ, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ომი დასრულდება და ხალხს ყველაფერი დაავიწყდება.
არჩილ სიხარულიძე არც შემთხვევითობას გამორიცხავს და ამბობს, რომ საერთაშორისო წრეებში, მით უმეტეს, ომში მყოფი სახელმწიფოს საზღვრის სიახლოვეს, არსებობს “ტექნიკური გაუმართაობის ომის კონცეფცია”, რომლის მიხედვით, რაკეტა შესაძლოა არასწორი მიმართულებით გაფრინდეს.
საერთო ჯამში, რაკეტა, რომელიც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ან რუსეთმა გაისროლა შეცდომით, ან უკრაინა იცავდა თავს.
ინგა ფუტკარაძე