ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდით რეგიონში დესტაბილიზაციას ზრდის
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გამოსცადა. რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში, კუნძულ ჰოკაიდოსგან, 200 კილომეტრში ჩამოვარდა.
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გამოსცადა. რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში, კუნძულ ჰოკაიდოსგან, 200 კილომეტრში ჩამოვარდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით, რაკეტის დიაპაზონს ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მიღწევაც შეეძლო. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდით არღვევს გაეროს რეზოლუციებს და რეგიონში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის რისკს ზრდის.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ბანგკოკში, აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) შეხვედრის ფარგლებში იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებს შეხვდება, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრებენ.
ჰარისის თქმით, აშშ იცავს წყნარი ოკეანის ალიანსის უსაფრთხოებას. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროვოკაციების საპასუხოდ, ვაშინგტონი სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ერთობლივი სამხედრო წრთვნების გაზრდის საშუალებით მუშაობს. ჩრდილოეთ კორეა სამხედრო წრთვნებს აგრესიად აღიქვამს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ განაცხადა, რომ ამ სამი სახელმწიფოს საომარი წრთვნები რეალისტურ და გარდაუვალ საფრთხეს იწვევს. საინტერესოა რუსეთის პოზიცია, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის “მდუმარედ მოკავშირეობაში” ადანაშაულებენ.
რუსეთმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი აარიდონ კონფრონტაციას. ამასთან, მოსკოვმა ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
ცნობისათვის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდა აკრძალული აქვს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბალისტიკური საერთაშორისო რაკეტა 3 ნოემბერსაც გაუშვა. თუმცა, რაკეტამ გამოცდა ვერ ჩააბარა და ოკეანეში ჩავარდა.
ჩრდილოეთ კორეამ წელს ბალისტიკური რაკეტების (ICBM) უპრეცედენტო გამოცდა ჩაატარა. 2 ნოემბერს ფხენიანმა 23 რაკეტა გაუშვა, რამაც 2017 წელს გაშვებულ რაკეტებს გადააჭარბა.
ცნობისათვის, “დიდი ოცეულის” სამიტის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ჩინელი კოლეგის – სი ძინპინის საუბრის მთავარი თემა, სწორედ ჩრდილოეთ კორეის მიერ უახლესი რაკეტების გაშვება იყო.
ინგა ფუტკარაძე