კუბას, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიას რუსეთიც გაიზიარებს – ევროპარლამენტი გადაწყვეტს

“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არ ვიცი, მსოფლიო ამის აღიარებას, რატომ აყოვნებს”, – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა დასავლეთისთვის უცვლელია.

ევროპარლამენტი მზად არის გაითვალისწინოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთი “ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად” აღიაროს.

“რუსეთი ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სკოლების განადგურებას”, – აცხადებენ ევროპარლამენტში.

რას ნიშნავს “ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორი?” ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოები. ამჟამად ეს ვრცელდება კუბაზე, ირანზე, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაზე.

აღნიშნულ სახელმწიფოებზე სანქციები გულისხმობს უცხოური დახმარების შეზღუდვას, სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენების კონტროლსა და ფინანსურ შეზღუდვებს. კანადას აქვს მსგავსი ინსტრუმენტი, რომელიც გმობს “ტერორიზმის სახელმწიფო მხარდამჭერებს”.

მაგალითად, აშშ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებს, რაც გულისხმობს ბაჰრეინში, ერაყში, ლიბანში, სირიასა და იემენში ტერორისტული ჯგუფების ხელშეწყობას, ჰეზბოლასა და ჰამასის ჩათვლით. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირს ამჟამად არ გააჩნია “ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების” ცენტრალიზებული სია.

ვინაიდან ევროკავშირში 27 სახელმწიფოა, ევროპარლამენტს შეზღუდული გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაში. ამას ადასტურებს ევროკავშირის ანალიტიკოსის – ლიზა მუსიოლის განცხადება.

მისი თქმით, “ტერორისტული სახელმწიფოსთვის” ფართოდ მიღებული განმარტება არ არსებობს.

“ეს გულისხმობს, რომ ქვეყანა იყენებს ძალადობას საკუთარი მოქალაქეების ან სხვა სახელმწიფოების მიმართ, მაგრამ მისი გამოყენება უაღრესად პოლიტიკურია”, – ამბობს ლიზა მუსიოლი.

მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ ინიციატივებზე, რომლებსაც რეალური შედეგები მოჰყვება. მაგალითად, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის შემუშავება, უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური დახმარება და იარაღის მიწოდება.

მისი აზრით, აღნიშნულის გამოხატულება უკრაინისთვის ევროკავშირისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ფაქტია, რომ თუ კი ევროკავშირი რუსეთს “ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ” აღიარებს, ეს რუსეთის ქმედებების სიმბოლური დაგმობა იქნება უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ.

თუმცა, ევროკავშირმა სანქციები უკვე დაუწესა რუსეთში დაფუძნებულ კერძო სამხედრო სუბიექტს, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან ლიბიაში, სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ცნობისთვის, 2 დღის წინ, 21 ნოემბერს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რომელიც რუსეთს სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს აგებინებს.

წყარო: Deutsche Welle

ინგა ფუტკარაძე