შოტლანდიელები დიდ ბრიტანეთს დემოკრატიას უწუნებენ და დამოუკიდებლობა სურთ

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ შოტლანდიის მთავრობას არ აქვს უფლება რეფერენდუმი ვესტმინსტერის ანუ გაერთიანებული სამეფოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს.

ამ საკითხზე მწვავე დებატები ბრიტანეთის პარლამენტში დღემდე არ წყდება. პოლიტიკოსების დავის საგანია ის, უნდა გამოეყოს თუ არა შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.

როგორც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტრაჯონმა განაცხადა, კანონი, რომელიც შოტლანდიას უფლებას არ აძლევს საკუთარი მომავალი ვესტმინსტერის თანხმობის გარეშე განსაზღვროს, არც თუ სასურველ ტონში წარმოაჩენს გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკას შოტლანდიის მიმართ.

მან ბრიტანეთის მთავრობა დემოკრატიის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

სასამართლო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიო და საბოლოოა.

“შოტლანდიელ ხალხს სურს, რომ ერთად ვიმუშაოთ ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად, იქნება ეს ეკონომიკა, ინფლაცია თუ უკრაინის მხარდაჭერა”, – ამბობს ბრიტანეთის პრემიერი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვანი დამოკიდებულება არც შოტლანდიელებს აქვთ. საზოგადოებრივი პოზიცია ამ თვალსაზრისით თითქმის თანაბრად იყოფა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია მეზობელი ინგლისის სამეფოსთან 1707 წელს გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთის სამეფო შეიქმნა. ბევრ შოტლანდიელს მიაჩნია, რომ ეს ცალმხრივი ურთიერთობაა და სამეფოში ინგლისი დომინირებს.

აღნიშნულის გამოხატულება იყო ბრექსიტი, როდესაც შოტლანდიელთა უმრავლესობამ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი შოტლანდიაში ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარდა, მაშინ მოსახლეობის 55%-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, ხოლო შოტლანდიელთა 45%-ს დამოუკიდებლობა სურდა. შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერ, ნიკოლა სტარჯონს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 2023 წლის 19 ოქტომბერი ჰქონდა დასახელებული.

“დროა შოტლანდია სწორ გზაზე დავაბრუნოთ, ახლა დამოუკიდებლობის დროა, რომ უფრო სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ”, – აცხადებდა სტრაჯონი.

თუმცა ფაქტია, რომ რეფერენდუმი მომავალი წლის ოქტომბერში ვესტმინსტერის თანხმობის გარეშე ვერ შედგება.

ინგა ფუტკარაძე