ავსტრალია-ტუნისი – 1:0, პოლონეთი-საუდის არაბეთი – 2:0, საფრანგეთი-დანია – 2:1
კატარში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება
კატარში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს ავსტრალია და ტუნისი დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას ტუნისი ფლობდა, თუმცა აქტიური სახიფათო შეტევებით 23-ე წუთზე ავსტრალიამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. მეორე ტაიმში ტუნისი გააქტიურდა და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და თამაში ავსტრალიის სასარგებლოდ – 1:0 დამთავრდა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ ავსტრალიამ მუნდიალზე პირველად მოიგო. კატარი 2022-ის C ჯგუფის მეორე ტურში შეხვედრა პოლონეთსა და საუდის არაბეთს შორის გაიმართა. პირველ ტაიმში პოლონეთმა გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა შეძლო. თამაშის 79-ე წუთზე არაბმა ფეხბურთელმა აბდულელა ალმალკიმ კარგი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა სიზუსტე დააკლდა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მატჩის 82-ე წუთზე პოლონელმა ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა პოლონეთის სასარგებლოდ – 2:0 დამთავრდა.
D ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში ანგარიში ვერც ერთმა გუნდმა ვერ გახსნა. თამაშის 61-ე წუთზე პირველი გოლი ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ გაიტანა. 68-ე წუთზე დანია გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა მალევე ანტუან გრიზმანის ჩაწოდებით მბაპემ მეორე გოლიც გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
თამაში საფრანგეთის სასარგებლოდ დამთავრდა – 2:1.
დღეს, ჩემპიონატის ფარგლებში, C ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს არგენტინა და მექსიკაც დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში მექსიკამ საკმაოდ აქტიურად ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. შესვენების შემდეგ არგენტინამ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. შეხვედრის 64-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში გახსნა, 87-ე წუთზე კი ენცო ფერნანდესმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.
თაკო ბოკუჩავა