ცივი ზამთრის მოლოდინში ევროპაში შესაძლოა “პლასტმასას ლოკდაუნი” გამოცხადდეს

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა ყველაზე ცივი ზამთრის გადატანისთვის ემზადება. ევროპაში ენერგოკრიზისია. გარემოს დამცველები პლასტმასის გამოყენების შემცირებას მოითხოვენ და ევროპაში “პლასტმასას ლოკდაუნის” გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საინტერესოა, პლასტმასის როლი კრიზისის გამწვავებაში.

პლასტმასის წარმოებისთვის ნავთობი და გაზი ნედლეულად გამოიყენება. გარემოს დამცველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკვე თამამი ნაბიჯების გადადგმის დროა და ევროპაში პლასტმასის წარმოება უნდა შემცირდეს.

გლობალურმა მოძრაობამ “გავთავისუფლდეთ პლასტმასისგან” და “საერთაშორისო გარემოსდაცვითმა სამართლის ცენტრმა” გამოაქვეყნეს კვლევა სახელწოდებით – “ზამთარი მოდის, პლასტმასა უნდა წავიდეს”. ანგარიშის თანახმად, ნაკლები პლასტმასის გამოყენება ევროპას სახლების გასათბობად, მეტი ენერგიის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

მათი შეფასებით, ერთჯერადი პლასტმასის შემცირება კონკრეტული ნაბიჯია წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებაში. ავტორების თქმით, დროა ევროკავშირი დაუპირისპირდეს “საწვავის სპილოს” (Elephant Petroleum) პლასტმასას.

პლასტმასა წარმოქმნის ნახშირბადის ემისიებს. მიუხედავად ამისა, ევროპაში პლასტმასის წარმოება 1950-დან 2020 წლამდე, 0.35-დან 55 მილიონ ტონამდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, 2020 წელს, ევროკავშირის მთლიანი გაზის თითქმის 15% და ნავთობის 14% ნავთობ ქიმიკატების დასამზადებლად გამოიყენებოდა, რომლის უმეტესი ნაწილი პლასტმასის წარმოებას მოხმარდა.

ასევე, კვლევის შედეგებით, პლასტმასის დასამზადებლად იმდენი გაზი გამოიყენებოდა, რამდენიც, მაგალითად, მთლიანობაში ნიდერლანდებმა მოიხმარა. ყველაზე მეტ ნავთობსა და გაზს პლასტმასის წარმოებისთვის ბელგია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და პოლონეთი იყენებს. სწორედ მათზე მოდის პლასტმასის შეფუთვის ნარჩენების 77%.

რუსეთზე გაზის დამოკიდებულების შემცირების კვალდაკვალ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირი ზამთრის გადასატანად ენერგიის რესურსის დაზოგვას არ ცდილობს და სასარგებლო წიაღისეულს არასაჭირო ერთჯერადი პლასტმასის წარმოებისთვის ხარჯავს, რაც ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

“ევროპა საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, შხაპი ცივად მიიღონ, წყალი არ გააცხელონ, ხოლო ისინი ურჩხულის, ნავთობქიმიური და პლასტმასის ინდუსტრიის დიდი რაოდენობით ნავთობისა და გაზით კვებას განაგრძობენ”, – ამბობს გარემოსდამცველი ენდი გეორგიუ.

მისი მოსაზრებით, ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირება ერთდროულად, სამ პლასტმასის, კლიმატისა და ენერგეტიკის კრიზისს მოაგვარებს. იგი ამბობს, რომ ევროპაში “პლასტმასას ლოკდაუნი” აუცილებელია, რაც პლასტმასის წარმოების დაუყოვნებლივ და სრულ შეჩერებას გულისხმობს.

კვლევის ავტორების თქმით, აუცილებელია 2030 წლისთვის არასაჭირო შეფუთვის, ერთჯერადი პაკეტების, ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვის 50%, ხოლო 2040 წლისთვის 80% აიკრძალოს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალი ზამთარი პოლიტიკოსებს აიძულებს, ბევრად უფრო მკვეთრი ზომები განახორციელონ ერთჯერადი პლასტმასის შესამცირებლად, ვიდრე მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადები გაუზარდონ.

ინგა ფუტკარაძე