თბილისის საახალწლო სლოგანი პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს განათდება.

თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 9 დეკემბერს განათდება. ის ტრადიციულად, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დაიდგმება. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების პროცესს, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ესწრება.

დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოგვიანებით საახალწლო სოფელიც გაიხსნება, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ საახალწლო ნაძვის ხეს, წლეულს გააფორმებს სლოგანი – “მშვიდობის ქალაქი”.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, სლოგანის შინაარსი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, რადგან მშვიდობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, უმნიშვნელოვანესია.

“იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, პირველი, რასაც ინატრებს და ჩაიფიქრებს, ეს მშვიდობაა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის საახალწლო სლოგანს პოლიტიკური განცხადებები და ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ფაქტის მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა და უკრაინელების უპატივცემულობა გამოიხატება.

“დღევანდელი კამპანია, რაც წამოიწყეს, ე.წ. მშვიდობის კამპანია, მათ უნდათ რუსეთი მოგვივლინონ მშვიდობის გარანტად”, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის მერიის იდეას გამოეხმაურა “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია და სლოგანის საკუთარი ვერსია შესთავაზა, – “აქა მშვიდობა,” აჯობებდა”.

“გირჩის” ლიდერის შეფასებით, პრობლემა თბილისის მერიის ახალი საახალწლო სლოგანი, ცინიკურ გამონათქვამს წააგავს.

” წარმოშობით მარტვილის რაიონიდან ვარ, “მშვიდობა მარტვილს” რატომ არ უნდა ჰქონდეს? “მშვიდობა საქართველოს” არ სჯობს? მარტო თბილისს რატომ? ეს კითხვა მაქვს, თორემ არც ამას ვაპროტესტებ. სიტყვათა ერთობლიობაში „მშვიდობა რაღაცას“ პრობლემა არ არის. თუ, ზოგადად, ახლა მშვიდობის წელია? შეიძლება, მაინც და მაინც კარგი დრო არ იყოს სამყაროში მშვიდობის წლის აღსანიშნავად, მაგრამ ასეთ დროს მშვიდობაზე ვსაუბრობდეთ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მარტო თბილისს, რატომ? – „აქა მშვიდობა“ აჯობებდა, კარგი დევიზი იქნებოდა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებები დედაქალაქის მერმა უპასუხოდ არ დატოვა. კახა კალაძის შეფასებით, მშვიდობა საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეაა და ამგვარი გამოხმაურება შემაშფოთებელია.

“გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ხომასურიძე