მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ზეცად ამაღლებას ზეიმობს

ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა აღევლინა.

ქრისტიანული სწავლებით, აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ხშირად ეცხადებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მაცხოვარი მოწაფეებს უკანასკნელად გამოეცხადა , ზეთისხილის მთაზე აიყვანა და მოუწოდა, რომ დარჩენილიყვნენ იერუსალიმში მანამ, სანამ მათზე სულიწმიდის მადლი არ გადავიდოდა და ამის შემდეგ ისინი ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

მოციქულებმა ზეცაში დაიწყეს ყურება. მოულოდნელად, მოწაფეებს ორი ანგელოზი გამოეცხადა, რომლებმაც შემდეგი სიტყვები უთხრეს: ,,რატომ დგახართ და იცქირებით ზეცისკენ? იესო, თქვენგან ზეცას ამაღლებული, მოვა ისევე, როგორც თქვენ იხილეთ იგი აღმავალი ზეცას“. მოციქულებმა თაყვანი სცეს ქრისტეს და სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.

მაცხოვარი გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან დგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი კი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ სუფევს ეკლესიაში.

ლიკა მაჩხანელი