“აღგიარებდედ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდედ შენ ერნი ყოველნი”- ქრისტე აღდგა! ჭეშარიტად აღდგა!
წელს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილს იზეიმა.
ეს დღე ქრისტიანთათვის მესიის მოვლინების ზეიმია, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
“აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენსა ქვეყანასა ზედა ღირს მყვენ, წმინდით გულითა დიდებად შენდა”.
ქრისტეს აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე, სიძულვილის სიყვარულზე გამარჯვების დღეა. მაცხოვარმა წმინდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისაგან და სიკვდილისაგან.
“აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.”
ალბათ, არ არსებობს ასეთი სასიხარულო და იმედის მომცემი დღე… დღე, როდესაც ცხოვრების, ჭეშმარიტებისა და სიკეთის მამოძრავებელი, ბოროტებაზე გამარჯვებული უფალი იესო ქრისტე აღდგა. მაცხოვარმა, ამ სასწაულით, კაცობრიობას ახალი სიცოცხლე მიანიჭა და ადამიანში დაძლეული სიკვდილი სიცოცხლის ახალი ენერგიით განაახლა.
უფალმა, რომელიც ვერცხლზე გაყიდეს, ეკლის გვირგვინი დადგეს, აწამეს, სისხლი ადინეს, ღრმა იარები დაუტოვეს, სასტიკი წამებისთვის გაიმეტეს, გოლგოთის გზაზე ის მძიმე ჯვარი ატარებინეს, სადაც შემდეგ ჯვარს აცვეს, ასე, ჯვარცმული, ღონემიხდილი და შეურაცხყოფილი მაინც მაღალ ღმერთს ევედრებოდა : ,, მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან. “(ლუკა 23,34)
იმ სასწაულ დღეს, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, კაცობრიობამ უფრო მეტად ირწმუნა უფლის სიყვარული და ეზიარა მარადისობას. ეს დღე სიხარულის მაუწყებელი იყო.
“მაცხოვარის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა. ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე, სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა. ” (ილია II)
“მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები,” – თქვა მაცხოვარმა ჯვარცმამდე და აღსრულდა ქრისტეს წინასწარმეტყველება.
კვირა დღეს, გამთენიისას, საფლავის დარაჯებმა დაინახეს ანგელოზმა როგორ გადააგორა საფლავის ლოდი და იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. მეორე სასწაული მაშინ მოხდა, როდესაც საფლავთან ატირებულ მარიამ მაგდალინელს იესო ქრისტემ უწინდელი ხმით დაუძახა, – “მარიამ!”
გამთენიისას, მარიამ მაგდალინელი დედებთან ერთად მივიდა მაცხოვრის საფლავთან, რათა მისი სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხო, მაგრამ ლოდი გადაგორებული დახვდა. ატირებულმა მარიამმა ორი ანგელოზი იხილა, რომლებმაც ტირილის მიზეზი ჰკითხეს. უთხრა რომ უფალზე ტიროდა. ამ დროს, უკან მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე დაინახა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, რადგან მებაღე ეგონა. Როდესაც მან დაუძახა, გახარებულმა მუხლებზე მოხვევა მოინდომა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა:
“აღვალ მამისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”.
იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები და რამდენიმე სასწაული. მოწაფეებმა საბოლოოდ იწამეს, რონ ჩვენი მხსნელი ნამდვილად აღდგა.
“ზეციურო მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აფრქვიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძინეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებით. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩვენ ავმაღლებულიყავით, მოკვდა და აღდგა, რათა ჩვენ აღვედგინეთ. გიხაროდეთ, იშვებდით, რადგან ღირსნი გახდით მისი ძეობისა, დატკბობისა მისი მარადიული სიკეთეებით და ჯერ კიდევ აქ თანასიხარულისა მის უსაზღვრო სიყვარულში.” (იოსებ ათონელი)
აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. Მათ შორის არის კვერცხის წითლად შეღებვის ჩვეულება. წითელი კვერცხი მაცხოვრის აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ თავისი აღდგომით მოგვანიჭა, ამ დღისთვის გამომცხვარი პასკა კი სევდანარევი სიხარულის დადგომის მთავარი მანიშნებელი და ქრისტიანთა ერთობის. ის უფალ იესო ქრისტეს გვახსენებს, რომელიც ამბობს:
“მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
Მედია-სააგენტო ,, 24″ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იესო ქრისტეს აღდგომას გილოცავთ.
ლიკა მაჩხანელი