“მორალის პოლიცია” უქმდება, ქალებისთვის ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესი შესაძლოა გადაიხედოს
ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა, საპროტესტო აქციები კი დღემდე არ წყდება. აქციების მიზანი რეჟიმის დამხობა და ქალებისთვის სიცოცხლისა და თავისუფლების მოპოვებაა.
ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა, საპროტესტო აქციები კი დღემდე არ წყდება. ახალგაზრდა ქალი ირანის უშიშროების ძალებმა, ცემით და წამებით, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო მოკლეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აქციების მიზანი რეჟიმის დამხობა და ქალებისთვის სიცოცხლისა და თავისუფლების მოპოვებაა. სექტემბრიდან დღემდე უწყვეტ პროტესტს ბევრი ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე აქციის მონაწილე კი სიკვდილით დასაჯეს.
ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის – “ადამიანის უფლებები ირანში“- მონაცემით, საპროტესტო აქციების დროს, ირანის უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე 448 ადამიანი მოკლეს, ხოლო ათასობით ადამიანი, მათ შორის ცნობილი მსახიობები და ფეხბურთელები დააკავეს. აქციაზე ქალებმა დაწვეს ჰიჯაბები, შეიჭრეს თმები. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ანტისამთავრობო წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო და “მორალის პოლიცია“, რომელიც ისლამური წესით სამოსის ტარებას უწევს ზედამხედველობას, უქმდება. ამის შესახებ ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰმად ჯაფარ მონთაზერიმ განაცხადა.
გარდა ამისა, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო ქალებისთვის ჰიჯაბის სავალდებულო წესით ტარების კანონს განიხილავს, რომელიც შესაძლოა გადაიხედოს.
“მორალის პოლიციას” არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან”, – განაცხადა ირანის გენპროკურორმა.
საინტერესოა, რა არის “მორალის პოლიცია”? მორალის პოლიციის რაზმები მწვანე ფორმიანი მამაკაცებისგან შედგება, რომლებიც ისლამური წესების დაცვას და ჩაცმულობას აკონტროლებენ. მათ დაკავებულები ე.წ. საგანმანათლებლო/საკონსულტაციო ცენტრში ან პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც კანონდამრღვევები ისლამური ღირებულებების შესახებ სავალდებულო ლექციას ესწრებიან.
მორალის პოლიცია ისლამური წესით ჩაცმულობას ზედამხედველობას უწევს სკოლებში, საჯარო ღონისძიებებში, მედიაში. თუმცა, 2018 წელს, ირანის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დაახლოებით ირანელ ქალთა 60-70% “ისლამურ დრესკოდს” მკაცრად სულაც არ იცავდა.
ცნობისთვის, ოფიციალური ირანი ანტისამთავრობო პროტესტის წაქეზებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ოპოზიციონერ ქურთებს ადანაშაულებს.
ინგა ფუტკარაძე