რუსეთში სქესის შეცვლის, პედოფილიისა და ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა

“არატრადიციულმა ღირებულებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ბავშვების მყიფე ფსიქიკაზე, არამედ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზეც”, – მიაჩნიათ რუს დეპუტატებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. შესაბამისი დოკუმენტი სამთავრობო ინფორმაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ცვლილებების მიხედვით, სოციალურ ქსელებში, მედიაში, რეკლამებსა და ფილმებში მთლიანად აიკრძალება სქესის შეცვლის, პედოფილიისა და ლგბტ პროპაგანდა.

“ლენტა.რუ”-ს ინფორმაციით, შესწორება შევიდა “ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონში”, ასევე სხვა დოკუმენტებში.

კანონის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში დაზვერვის ფედერალური სამსახური უფლებამოსილია შემდგომი დაბლოკვის მიზნით, აკრძალული ინფორმაციის ერთ რეესტრში შეიყვანოს ყველა ის რესურსი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ეწევა. უწყება, ასევე უფლებამოსილია ქსელში მსგავს ინფორმაციაზე მონიტორინგი განახორციელოს.

დოკუმენტზე 300-ზე მეტი დეპუტატი მუშაობდა. რუსეთის ფედერაციის პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით 24 ნოემბერს მიიღო.

კანონის განმარტებით ბარათში ლგბტ პროპაგანდაზე პასუხისმგებლობის გაფართოების მნიშვნელობა ახსნილია იმით, რომ არატრადიციულმა ღირებულებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ბავშვების მყიფე ფსიქიკაზე, არამედ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზეც.

შორენა ღავთაძე