აფხაზეთში ენერგოკრიზისია – დენს მოსახლეობა „მარაოსებრი“ გრაფიკით იღებს

თითქმის სამი წელია, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ე.წ. „მარაოსებრი“ გრაფიკის დაწესება ელექტროენერგიის დეფიციტს უკავშირდება.

დღეიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია ე.წ. “მარაოსებრი“ გრაფიკით მიეწოდება. აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ცნობით, გალის, გუდაუთას, სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობას დენის მიწოდება დღე-ღამეში 2-ჯერ, ორ-ორი საათით შეუწყდებათ.

თითქმის სამი წელია, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ე.წ. „მარაოსებრი“ გრაფიკის დაწესება ელექტროენერგიის დეფიციტს უკავშირდება. ენერგიის მოხმარება 30 მილიონ კვტ/სთ-ს აჭარბებს. გასულ წელს, აფხაზეთში ორმილიარდ-ნახევარი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს.

ენერგოკრიზისი ზამთარში ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნასა და ელექტროგადამცემ ხაზ “აჩიგვარაზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის გადაჭრის შესაბამისი ფინანსები აფხაზეთის ბიუჯეტში არ არსებობს და ამისთვის, მინიმუმ 20 მილიარდი რუბლია საჭირო. თუმცა, არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთი რუსული მხარისგან 280 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სოხუმს ელექტროსისტემის პრივატიზაცია და ენგურზე მდებარე სამი უმოქმედო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორებზე გაყიდვა სურს.

აფხაზეთის ენერგოკრიზისის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტები და ბიტკოინების გამომუშავებაა. ვინაიდან კრიპტოვალუტები ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნილებას იწვევს, აფხაზეთში მაინინგები აკრძალულია, თუმცა ბიტკოინის ფერმები არალეგალურად მაინც ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ენერგოკრიზისს მრიცხველების არარსებობაც აღრმავებს.

ცნობისათვის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით აფხაზეთს ელექტროენერგიით უფასოდ ამარაგებს. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% ქართულ მხარეს მიეწოდება, აფხაზეთს კი 40%. თუმცა, ვინაიდან ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ოკუპირებული აფხაზეთი ენერგო დეფიციტს რუსეთიდან ავსებს.

ინგა ფუტკარაძე