გერმანიის მთავრობის დამხობის მცდელობისთვის 25 პირი დააკავეს, 27 ეჭვმიტანილია

გერმანიაში, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან 24 გერმანიის, 1 კი რუსეთის მოქალაქეა.

ბერლინში რუსეთის საელჩომ ულტრამემარჯვენე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი უარყო. ეჭვმიტანილები დააკავეს გერმანიის 11 მიწაზე, ასევე ავსტრიასა და იტალიაშიც. ფედერალური პროკურორის ცნობით, ეჭვმიტანილი კიდევ 27 პირია.

გერმანიის იუსტიციის მინისტრ მარკო ბუშმენის განცხადებით, დაჯგუფების წევრები ექსტრემისტული, მემარჯვენე მოძრაობა “რაიხსბიურგერის“ წევრები არიან. ისინი გერმანიის პარლამენტში – ბუნდესთაგში შეჭრასა და გერმანიის მთავრობის დამხობას ცდილობდნენ. დაჯგუფებას 71 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც თავს პრინც ჰაინრიხ XIII-ს უწოდებს.

“დღეს დილიდან დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი იმისა, რომ კონსტიტუციურ ორგანოებზე შეიარაღებული თავდასხმა იგეგმებოდა“, – განაცხადა ბუშმენმა.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან, რომელთაც მიზნად დაისახეს გერმანიაში არსებული სახელმწიფო წესრიგის დამხობა და მისი ჩანაცვლება საკუთარი სახელმწიფოს სახით, რომლის მოდელი 1871 წლის გერმანიას ეფუძნება.

“რაიხსბიურგერის მოძრაობა” გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და მთავრობის მიერ მიღებულ კანონებს არ ცნობს. ისინი თავს “გერმანიის რაიხის” მოქალაქეებად მიიჩნევენ.

დიდი ხანია, რაც “რაიხბიურგერის“ დაჯგუფება გერმანიის პოლიციის სამიზნეა. ჯგუფზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი ჯანდაცვის მინისტრ კარლ ლაუთერბახის გატაცებას გეგმავდნენ.

ინგა ფუტკარაძე