პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი 60 წლის დინა ბოლუარტეა – “ქვეყანა მძიმე პერიოდისგან უნდა ვიხსნა”
დინა ბოლუარტე პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც პერუს პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენა.
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი, 60 წლის დინა ბოლუარტე ჰყავს. იგი თანამდებობას 2026 წლამდე დაიკავებს.
“მე თვენგან მხოლოდ დროს ვითხოვ, რომ ქვეყანა მძიმე პერიოდისგან ვიხსნა”, – განაცხადა საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს დინა ბოლუარტემ.
უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დინა ბოლუარტე პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც პერუს პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენა.
პედრო კასტილიო საგანგებო მთავრობის დანიშვნას, პარლამენტის დაშლასა და ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას ითხოვდა. მან მთელს ქვეყანაში კომენდანტის საათიც დააწესა.
“დაშლილად გამოცხადდეს კონგრესი, დაინიშნოს ახალი მთავრობა და ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ახალი კონსტიტუციის უფლებამოსილების შემუშავება მიენიჭება”, – მიმართა უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კასტილიომ პერუს მოქალაქეებს.
თუმცა პერუს პარლამენტმა პედრო კასტილიო 101 ხმით 6-ის წინააღმდეგ გადააყენა, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობით დააპატიმრეს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, რაც პერუში პოლიტიკური კრიზისია. მხოლოდ 2016 წლიდან პერუმ 6 პრეზიდენტი გამოიცვალა. პედრო კასტილიო ქვეყნის პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. მას კორუფციაში, მექრთამეობასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის ლიდერობაში ადანაშაულებდნენ, ამიტომ პერუს პარლამენტმა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება ორჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ინგა ფუტკარაძე