მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

კატარი 2022-ის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდნენ. თამაშის 17-ე წუთზე ანგარიში ფრანგმა ფეხბურთელმა აურელინ ჩუამენმა გახსნა. 54-ე წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის 78-ე წუთზე ოლივიე ჟიურომ საფრანგეთის დაწინაურება შეძლო. დარჩენილ დროში ინგლისმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, თამაში საფრანგეთის გამარჯვებით დამთავრდა – 2:1.

9-10 დეკემბერს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის ჩატარდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის დასაწყისში ორივე გუნდი საკმაოდ აქტიურობდა.

არგენტინის ნაკრები შეტევაში უფრო სახიფათო იყო და 35-ე წუთზე ლეონელ მესის გოლით ანგარიშის გახსნაც შეძლო. პირველი ტაიმი არგენტინის მინიმალური უპირატესობით დამთავრდა. თამაშის მეორე ნახევარში არგენტინის ნაკრებმა უპირატესობა არ დათმო. მატჩის 71-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მესიმ შეასრულა და საკუთარი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა.

თამაშის 82-ე წუთზე ნიდერლანდების ნაკრები გააქტიურდა და ანგარიშის სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ნიდერლანდებმა სასწაული მოახდინა და ვაუტ ვეგჰორსტის გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პენალტების სერიაში არგენტინელთა მეკარემ ემილიანო მარტინესმა დარტყმები შესანიშნავად მოიგერია და საკუთარ გუნდს ნახევარფინალის საგზური მოაპოვებინა.

9 დეკემბერს მეოთხედფინალში ერთმანეთს ბრაზილია და ხორვატიაც დაუპირისპირდნენ. თამაშის საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა ანგარიში მაინც არ გახსნილა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმშიც არაერთი საგოლე მომენტი იყო, თამაშის ძირითადი დრო, ნულოვანი ანგარიშით დამთავრდა და დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით დროში ბრაზილიის ნაკრები საგრძნობლად გააქტიურდა და ნეიმარის ბრწყინვალე გოლით დაწინაურება შეძლო.

117-ე წუთზე ყველასთვის მოულოდნელად ხორვატიამ ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც ხორვატიამ, ბრაზილია 4:2 დაამარცხა.

10 დეკემბერს მეოთხედფინალში ერთმანეთს მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაშის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე იუსეფ ენ ნესირიმ გაიტანა, ანგარიში გახსნა და მაროკოს ნაკრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში პორტუგალიამ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა მაროკოელთა მეკარის – იასინ ბონოს საოცარი თამაშის შედეგად, გოლის გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ, ანგარიში მაროკოს სასარგებლოდ 1:0 დამთავრდა.

თაკო ბოკუჩავა