ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. საპროტესტო აქციები ყოფილი სერბი პოლიციელის, დეიან პანტიჩის დაკავებამ გამოიწვია.

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ჩრდილოეთ კოსოვოში საპროტესტო აქციის მონაწილე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კოსოვოს პოლიციამ კოსოვოსა და სერბეთს შორის საავტომობილო სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტა. საპროტესტო აქციები ყოფილი სერბი პოლიციელის, დეიან პანტიჩის დაკავებამ გამოიწვია.

ყოფილი პოლიციელი კოსოვოს მიერ სერბული სანომრე ნიშნების გაუქმებას აპროტესტებდა. კოსოვო სერბეთს სთხოვს, რომ 1998 – 1999 წლებამდე დათარიღებული მანქანის სანომრე ნიშნები გააუქმოს, ვინაიდან ამ პერიოდში კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო. კოსოვოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 600-მა სერბმა კოსოვოს წარმომადგენლობითი ორგანოები დატოვა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები დაინიშნა. პროტესტის შედეგად არჩევნების თარიღმა 2023 წლის აპრილისთვის გადაიწია.

“ბარიკადები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას კოსოვოს სერბების ჯგუფების მიერ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში.

“ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, ჩვენ გვინდა მშვიდობა და პროგრესი, მაგრამ აგრესიას ძალით ვუპასუხებ”, – განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა.

ცნობისთვის, ყოფილი იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფმა კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან, ნატოს ინტერვენციის შედეგად, სერბეთი კოსოვოს ტერიტორიებს აღარ აკონტროლებს. თუმცა კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დღემდე არ უღიარებიათ რუსეთს, ჩინეთსა და ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას.

კოსოვოში მცხოვრები სერბები მთელი მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ და კოსოვოს ეთნიკური სერბების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ინგა ფუტკარაძე