“ტვიტერში” რეფორმები დაიწყო – კომპანიამ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა

მას შემდეგ, რაც ტვიტერი ამერიკელმა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა ილონ მასკიმ შეიძინა, კომპანიიდან 3700 ადამიანი დაითხოვეს. ათასზე მეტმა თანამშრომელმა კი სამსახური თავად დატოვა.

კომპანია “ტვიტერის” ადმინისტრაციამ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა, საბჭოს გვერდი საერთოდ წაიშალა. საბჭოს წევრებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ელექტრონული წერილი მიიღეს. როგორც წერილშია განმარტებული, რეფორმის მიზანია, უსაფრთხო ინფორმაციული სივრცის შექმნა.

“როდესაც “ტვიტერი” ახალ ფაზაში გადადის, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შემოვიტანოთ საუკეთესო გარე ანალიზი ჩვენი პროდუქტისა და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ პროცესის მიმდინარეობისას გადავწყვიტეთ, რომ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო საუკეთესო სტრუქტურა არ არის. ჩვენი მუშაობა ისე სწრაფად და აქტიურად მიიწევს წინ, როგორც არასდროს. ვმუშაობთ იმაზე, რომ ტვიტერი უსაფრთხო ინფორმაციული სივრცე იყოს. თუ როგორ შეიძლება ამ მიზანს მივაღწიოთ, ამასთან დაკავშირებით, თქვენს იდეებსაც მივესალმებით”, – ნათქვამია საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც “როიტერი” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს შექმნილი ტვიტერის ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო მოხალისეთა ჯგუფისგან შედგებოდა. საბჭო სოციალური მედიის პლატფორმისთვის, კონსულტაციების გაწევით იყო დაკავებული და სამოქალაქო უფლებადამცველი ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

მას შემდეგ, რაც ტვიტერი ამერიკელმა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა ილონ მასკიმ შეიძინა, კომპანიიდან 3700 ადამიანი დაითხოვეს. ათასზე მეტმა თანამშრომელმა, სამსახური თავად დატოვა, მათ შორის იყო ნდობისა და უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, იოელ როთი.

ილონ მასკის ხელმძღვანელობის პირობებში, აღნიშნული სოციალური ქსელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მათ შორის, მაშინ, როდესაც მასკმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წაშლილი გვერდი აღადგინა.

როგორც ილონ მასკი განმარტავს, ტრამპს სოციალურ ქსელ ტვიტერის წესები არ დაურღვევია და ის უსამართლოდ დაბლოკეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ ტვიტერში 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა ძალადობისკენ წაქეზების რისკს უკავშირდებოდა.

სალომე ხომასურიძე