ევროპული ნაციონალიზმი – ულტრამემარჯვენე ძალების აღზევება ევროპაში
თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება, ევროსკეპტიციზმი და ევროპული ნაციონალიზმი განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
ევროპული იდენტობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვის შიში, ევროზონაში ინფლაციის რეკორდული 10%-იანი ზრდა, მიგრანტთა კრიზისი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპისთვის მოსალოდნელი “ცივი ზამთარი” – ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რაც დღესდღეობით ხელს უწყობს ევროპაში ელექტორატთა მხრიდან ნაციონალისტური და არალიბერალური კანდიდატებისა და პარტიების მხარდაჭერას. ევროსკეპტიციზმი, რომელიც ადრე ბრიტანულ ფენომენად მიიჩნეოდა, რაც გამოიხატა კიდეც “ბრექსიტით”, დღესდღეობით მეტად პოპულარულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და ა.შ.
ისტორიულად, ევროპული ნაციონალიზმის გამოღვიძებად 1830-70 წლები მიიჩნევა. ეს “დიდი ერების” პოლიტიკური ნაციონალიზმია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის იდეებზე აღმოცენდა. ფრანგულმა იდეებმა დასაბამი მისცა ესპანურ, გერმანულ და რუსულ ნაციონალიზმს (Ignacio & Leonard, 2013).
საუბარი ექსტრემისტულ მემარჯვენე ძალებზე განსაკუთრებით აქტუალური იტალიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გახდა, სადაც გამარჯვება ულტრამემარჯვენე პარტია “იტალიის ძმების” ლიდერმა ჯორჯია მელონიმ მოიპოვა. მან იტალიის მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ენრიკო ლეტა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობის 63.9%-ის მიუხედავად, პარტიამ 26% მიიღო, 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე კი 4 %.
საინტერესოა, რამ გამოიწვია იტალიელ ამომრჩეველში განწყობების მკვეთრი ზრდა ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ?
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიურ ნაციონალიზმს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ის პირველად 1830 წელს, ჯუზეპე მაძინის მიერ “ნაციონალისტური პარტიის” დაარსებით გამოიხატა. იტალიური ნაციონალიზმი ემყარება იდეას, რომ იტალიელები ეთნიკურად და კულტურულად ანტიკური რომის სამართალმემკვიდრე და რომაელები არიან. ასევე იტალიის ისტორიაში იყო ფაშიზმი და მისი ფუძემდებელი ბენიტო მუსოლინი. ნიშნეულია, რომ ჯორჯია მელონიმ წინასაარჩევნოდ გამოიყენა სლოგანი “ღმერთი, სამშობლო, ოჯახი”, რომელიც სწორედ მუსოლინთან ასოცირდება (Deutsche Welle, 2022).
რა ხედვები აქვს ევროსკეპტიკოს ჯორჯია მელონს?
მელონი სხვა ულტრამემარჯვენე ძალებისგან (სილვიო ბერლუსკონეს “ფორცა იტალია”, მატეო სალვინის “ჩრდილოეთის ლიგა”) განსხვავებით მხარს უჭერს, როგორც ნატოსა და ევროკავშირს, ისე უკრაინას. ის უერთდება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მოითხოვს სანქციებისგან დაზარალებული იტალიის ეკონომიკის კომპენსაციას ევროკავშირის მხრიდან, განსაკუთრებით ენერგოსუბსიდირების საკითხში.
ნიშნეულია, რომ წინასაარჩევნოდ მელონიმ სტრატეგია შეცვალა. მაგალითად, ის 2014 წელს, ყირიმის ანექსიისას, ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჯორჯია მელონს აქვს მკაცრი ანტიმიგრაციული, ანტი ლგბტ პოლიტიკა, ეწინააღმდეგება აბორტს. ის მოითხოვს ლიბიის საზღვრის ბლოკადას, რათა მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში ვერ შეაღწიონ.
“ნაციები არსებობენ მხოლოდ მაშინ, თუ კი მათ საზღვრები აქვთ. ჩვენ უარს არ ვეუბნებით ევროპას, მაგრამ იტალია არის პირველყოვლისა”, – განაცხადა მან.
მელონისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს დამარცხებულ ენრიკო ლეტას, რომლის მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტია ემიგრანტების შვილებისთვის განათლების მიღების გამარტივებას, ლგბტ პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არატრადიციული ქორწინების დაკანონებას ითხოვს (Reuters, 2022).
აღსანიშნავია, რომ ჯორჯია მელონს გულმხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირისა და ევროპის ყველაზე სკეპტიკოსმა ლიდერმა.
“ბრავო ჯორჯია, ქედმაღალი ევროკავშირის მუქარას შენ წინააღმდეგობა გაუწიე”, – ასე მიულოცა მან მელონს გამარჯვება (Euronews.com, 2022).
ორბანისთვის მთავარი უნგრეთის ეროვნული ინტერესებია. უნგრეთი 85%-ით რუსულ გაზზეა დამოკიდებული და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას რუსული გაზის იმპორტზე. ამიტომ ვიქტორ ორბანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკავდა სანქციების პაკეტს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მოიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორბანის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ღირებულებებისგან და ლიბერალური იდეოლოგიისგან, ორბანი ძალაუფლებას და მხარდამჭერებს კვლავაც ინარჩუნებს. მაგალითად, უნგრეთში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალება სასკოლო მასალებით ან სხვა საშუალებებით ახალგაზრდებისთვის ისეთი მასალების მიწოდება, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციას ახდენს. მსგავსი კანონია რუსეთშიც, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციას. ასევე მთელი ევროკავშირის აღშფოთება გამოიწვია კორონა ვირუსის დროს მიღებულმა კანონმა, რომლის თანახმად მმართველმა პარტია “ფიდესმა” ვიქტორ ორბანს განუსაზღვრელი ვადით უპირობო მმართველობა მიანიჭა. კანონი ევროპის მიერ ადამიანის უფლებების, კანონისა და დემოკრატიის უზენაესობის გაქრობად შეფასდა, თუმცა ორბანი კვლავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.
ორბანის ღირებულებებთან გარკვეულ თანხვედრაშია პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი. 2021 წელს, ორბანი, მორავეცკი და იტალიის უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი შეთანხმდნენ პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ექსტრემისტული მემარჯვენე ძალების გაერთიანებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ სამი ლიდერისთვის გამყოფი ხაზი რუსეთი აღმოჩნდა. სალვინი და ორბანი რუსეთთან გულთბილი ურთიერთობებით გამოირჩევიან, პოლონეთში კი მკვეთრად ანტირუსული განწყობებია და აღნიშნულ შეხვედრაზე მორავეცკიმ განაცხადა, რომ მას ევროკავშირის მომავლის სჯერა.
საინტერესოა მორავეცკის ორი თვის წინანდელი განცხადება, სადაც მან ევროკავშირი პატარა ქვეყნების მიმართ იმპერიალისტურ პოლიტიკაში დაადანაშაულა.
“პოლიტიკურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები ყველა სხვა წევრი ქვეყნების პოზიციას აღემატება. ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასა და დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც უძლიერესები ძალაუფლებას ფლობენ”, – განაცხადა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი თვისივე იმპერიალიზმს უნდა ებრძოლოს ისევე, როგორც ებრძოდა რუსეთის იმპერიალიზმის.
რაც შეეხება სხვა ექსტრემისტულ ძალებს ევროპაში, ამ მხრივ აღსანიშნავია ესპანეთის პარტია “ესპანური ფალანგა”, რომელიც ესპანური ნაციონალიზმის ფორმით ვლინდება. იგი იბრძვის ესპანეთის ეროვნულ, ძლიერ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის, რასაც მათი აზრით ბოლო პერიოდში მასობრივი მიგრაციებითა და ბასკეთსა და კატალონიაში სეპარატისტული გამოსვლებით ექმნება საფრთხე. ასევე გერმანია, სადაც შეინიშნება ულტრამემარჯვენე იდეების აქტიური მხარდაჭერა, მაგრამ გერმანული საზოგადოება უფრთხის ნეო-ნაციზმს, რადგან მათ მწარე ისტორიული გამოცდილება აქვთ. ამ მხრივ საინტერესოა პარტია “გერმანიის ნაციონალისტური ფრონტი” (Migration Policy Institute, 2021).
ულტრამემარჯვენე ძალების პოპულარულობით ყველაზე მეტად საფრანგეთი გამოირჩევა. საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკით რიგით მეორე ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის პოლიტიკური კურსი ევროკავშირის კურსსაც განსაზღვრავს. მიუხედავად რადიკალური მემარჯვენე განწყობილებისა, ულტრამემარჯვენე პარტია “საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის” ლიდერი მარინ ლე პენი წლებია ვერ ახერხებს არჩევნებში გამარჯვებას. სანტერესოა, რომ 2022 წლის არჩევნების პირველ ტურში ლე პენი ემანუელ მაკრონს მხოლოდ 4%-ით ჩამორჩა, მაგრამ ფრანგებმა მეორე ტურში უარი უთხრეს ევროსკეპტიციზმს და ემანუელ მაკრონი, 58. 55%-ით, მეორე ვადით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა (France24, 2022).
შედეგად, იკვეთება, რომ ევროკავშირი, რომელიც მკვეთრად ლიბერალური იდეოლოგიის მქონე ინსტიტუტია, ევროპული ქვეყნების მოქალაქეების დიდ ნაწილში ნდობას კარგავს და საზოგადოების განწყობები ულტრამემარჯვენეების და ევროსკეპტიციზმის სასარგებლოდ იცვლება. ფაქტია, რომ ევროპას სჭირდება ქმედითი ალტერნატივა, რომელიც შეეცდება მიგრანტთა, ეკონომიკური კრიზისების, ტერორიზმის აღმოფხვრას და აღადგენს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას, ხელს შეუწყობს ერთიანი ევროპული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ევროპაში საყოველთაო კეთილდღეობის განმსაზღვრელი იქნება.
ფაქტია, რომ ევროკავშირი უკვე შეეგუა ევროპის შუაგულში ახალ ულტრამემარჯვენე მთავრობას. თუმცა უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, იტალიამ 67 მთავრობა გამოიცვალა და ამიტომ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენა სავარაუდოდ არც “იტალიელ ძმებს” უწერიათ. ევროკავშირის დევიზი “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, თუ რამდენად შეიტანს ქაოსსა და არეულობას ამ მრავალფეროვნებში ულტრამემარჯვენე განწყობები და იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირის ერთიანობას ულტრამემარჯვენე ვიქტორ ორბანი და მისი პარტია “ფიდესი” ნამდვილად აზიანებს.
ინგა ფუტკარაძე