კატარის მსოფლიო ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუს ოცნების დასასრულად იქცა (Video)

პორტუგალია-შვეიცარიის შეხვედრაში ყველასთვის მოულოდნელად, რონალდუ სათადარიგო სკამზე ვიხილეთ. კრიშტიანუ თამაშში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო.

“ოქროს ბურთის” მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშს პორტუგალიის ნაკრები გამოეთიშა. მოულოდნელი წაგების შემდეგ, გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ფერნანდუ სანტუშის დაპირისპირებაზე და ფეხბურთელის ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ.

არსებულ უთანხმოებაზე მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ მერვედფინალურ ტურში დაიწყო. პორტუგალია-შვეიცარიის შეხვედრაში ყველასთვის მოულოდნელად, რონალდუ სათადარიგო სკამზე ვიხილეთ. კრიშტიანუ თამაშში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ – 6:1 დამთავრდა.

10 დეკემბერს კატარი 2022-ის მეოთხედფინალში პორტუგალია მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა. ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი აქაც სათადარიგო შემადგენლობაში იყო. შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები – 0:1 დამარცხდა და მუნდიალიდან გამოვარდა.

აღნიშნულ ფიასკომდე, ფერნანდუ სანტუშმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რონალდუსთან დაპირისპირება და მისი ნაკრებიდან წასვლა უარყო.

“კრიშტიანოსთან გულწრფელი და ნორმალური საუბარი მქონდა. ცუდი იქნებოდა, ეს რომ არ გამეკეთებინა. მთელი კარიერის განმავლობაში ასე ვიქცეოდი, ფეხბურთელებს ვესაუბრები. საუბარი შედგა თამაშის დღეს, ლანჩის შემდეგ, ჩემს კაბინეტში. ავუხსენი მიზეზები, რის გამოც არ ვფიქრობდი, რომ ძირითადში უნდა ეთამაშა, მაგრამ ვუთხარი, რომ თამაშისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. ყველაფერი ბუნებრივად ავუხსენი. კრიშტიანო კმაყოფილი არ იყო. ის ყოველთვის სასტარტოში თამაშობდა და ეს რეაქცია ნორმალურია, მარტივად არ მიუღია, რომ თადარიგში იქნებოდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ნაკრების დატოვება სურდა. როგორც ჟოაო ფელიქსმა თქვა, არ არსებობს უკეთესი მაგალითი, ვიდრე კრიშტიანოა. მან ყველა გოლი თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა, ბოლოს გულშემატკივრებსაც მადლობა პირველმა მან გადაუხადა. თავი დაანებეთ რონალდოს, მარტო დატოვეთ და დროა ამაზე საუბარი შეწყვიტოთ! ის ამას არ იმსახურებს იმ ყველაფრის გამო, რაც პორტუგალიური ფეხბურთისთვის გააკეთა,” – განაცხადა სანტუშმა.

დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრები 2022 წლის მუნდიალიდან გამოვარდნას სწორედ ფერნანდუ სანტუშის არასწორ სტრატეგიას აწერენ.

პორტუგალიის მთავარი სპორტული გამოცემა A Bola-ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 51,9 % ეროვნული ნაკრების წაგებაში მთავარ მწვრთნელს ადანაშაულებს.

მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრების დამარცხების სავარაუდო მიზეზის ძებნის მიუხედავად, ფაქტია, რომ 37 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშე სრულდება.

მუნდიალიდან გამოვარდის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავის კარიერულ ოცნებასა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

“ჩემს კარიერაში პორტუგალიისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო თასი მოვიპოვე, მათ შორის პორტუგალიასთან ერთად. მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის უმაღლეს მსოფლიო დონეზე მიყვანა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ოცნებისთვის ჯიუტად ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, ვიასპარეზე დიდ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელის მხარდაჭერით. მე ყველაფერი გავეცი. მე ყველაფერი გავიღე მოედანზე. ამ ოცნებაზე უარი არასდროს მითქვამს, სამწუხაროდ გუშინ ოცნება შეწყდა”, – ვკითხულობთ მსოფლიო დონის ფეხბურთელის წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტის გარშემო ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი სპეკულაციაც იყო, კრიშტიანო რონალდუ არ აპირებს ზურგი აქციოს თანაგუნდელებს და სამშობლოს.

“ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი ერთი წუთითაც არ შეცვლილა. მე ყოველთვის ერთ-ერთი ვიყავი, ვინც საერთო მიზნებისთვის იბრძოდა და მე არასდროს ვაქცევ ზურგს ჩემს თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას. ახლა მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მადლობა პორტუგალიას. მადლობა კატარს. ოცნება მშვენიერი იყო, სანამ ის გრძელდებოდა… ახლა რჩება ლოდინი, სანამ დრო გახდება კარგი მრჩეველი და ყველას საშუალებას მისცემს საკუთარი დასკვნები გამოიტანოს”, – წერს კრიშტიანო რონალდუ.

თაკო ბოკუჩავა