პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა, თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებში განათდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად დაცული იქნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურად დაცული იქნება. აღნიშნულ კანონს კონგრესის მხარდაჭერის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებში გაანათეს.
კანონმა კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენის, მათ შორის, დემოკრატების უმრავლესობისა და 39 რესპუბლიკელის მხარდაჭერა მოიპოვა, 169 კი მის წინააღმდეგ წავიდა.
“ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლიანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონით არის დაშვებული, თუმცა ზოგიერთ შტატში არალეგალურია, ვინაიდან ამერიკაში საზოგადოების ნაწილი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ასეთი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია.
კონგრესში კანონპროექტის განხილვის დროს, რესპუბლიკელმა ჯიმ ჯორდანმა განაცხადა, რომ “კანონი საშიშია და ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს”.
ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალურად დაცვის საჭიროება, უზენაესი სასამართლოს ზოგიერთ კონსერვატორ მოსამართლეს უკავშირდება. ამერიკულ საზოგადოებაში ვარაუდობენ, რომ მოსამართლეები ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ კანონს გადახედავდნენ. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კი, ფედერალური მთავრობა და შტატები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იმ შტატებში აღიარებენ, სადაც ის ლეგალურია.
აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 568 000 პირი ცხოვრობს, რომელიც ერთნაირსქესიან ქორწინებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის არ ითვალისწინებს.
ინგა ფუტკარაძე