უპრეცედენტო სირცხვილი – ევროპარლამენტარები კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ
მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების ბინებიდან და სასტუმროს ნომრებიდან 1,5 მლნ ევროს ოდენობის ქრთამი ამოიღეს.
უპრეცედენტო კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში – მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების ბინებიდან და სასტუმროს ნომრებიდან 1,5 მლნ ევროს ოდენობის ქრთამი ამოიღეს. ბელგიის პოლიციამ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში 16 მასობრივი რეიდი ჩაატარა, რომლის საფუძველზეც 4 პირს ბრალი წაუყენეს, მათ შორისაა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი.
მისი და მამამისის ბინიდან 600 000 ევრო ამოიღეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წინ, კატარის იმიჯისთვის, უკანონო ლობირების გამო მიიღო. მას ფულის გათეთრებასა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასაც ედავებიან. სკანდალშია გახვეული მისი მეგობარი მამაკაცი – ევროდეპუტატი ფრანჩესკო გიორგიაც. ხოლო კიდევ ერთ ევროდეპუტატ პიერ ანტონიო პანძერს მაროკოს ლობიზმს ედავებიან.
ევა კაილს სადეპუტატო მანდატი უკვე შეუწყდა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ კაილი ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი კატარში ვიზიტი ევროკომისიასთან და ევროკავშირის უმაღლეს წარომადგენელთან, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელთან იყო შეთანხმებული.
საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება ჟოზეფ ბორელის ირიბ დადანაშაულებას? ბერძენ ევროდეპუტატ, ევა კაილს ანგარიში კატარის შრომით ბაზარზე არსებულ დარღვევების შესახებ უნდა მოემზადებინა. ბრალდებებს უარყოფს კატარის ხელისუფლებაც.
ევროკავშირში ამ ეტაპზე კატარის შესახებ ყველა საკითხის განხილვა შეჩერებულია. ევროპარლამენტში კი ფაქტი ,,უპრეცედენტო სირცხვილად” შეაფასეს და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და სტრუქტურების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ევროპული დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა – აცხადებენ ევროსკეპტიკოსები.
ევროპარლამენტში სოციალისტ-დემოკრატთა ჯგუფის ლიდერი, ირაჩე გრასია პერეზი ამბობს, რომ თუ კი დადგინდება კატარის მიერ ევროპული ინსტიტუტების ძირის გამოთხრა, კატარის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად ამოქმედდება.
ფაქტს ეხმაურება ამერიკული გამოცემა CNN. მათი ცნობით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული.
,,ევროპარლამენტი მუდამ ითმენდა დაუსჯელობის კულტურას, არანაირი ზედამხედველობა ხორციელდება იმაზე, თუ როგორ ხარჯავენ ევროპარლამენტარები ფინანსებს. არაერთხელ ვიხილეთ მათ მიერ თანხების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტები”, – განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირის” დირექტორის მოადგილე ნიკოლას აიოსამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კი ამბობს, რომ ფაქტს გულდასმით გამოიძიებენ, თუმცა მისი თქმით, დამნაშავეთა წრე გაიზრდება.
ინგა ფუტკარაძე