საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
კატარი 2022-ის გუშინდელ ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და მაროკო დაუპირისპირდნენ.
თამაში ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. 5-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ტეო ერნანდესმა შეძლო და საფრანგეთის ნაკრები დააწინაურა. ამის შემდეგ მაროკოს ნაკრები კიდევ უფრო გააქტიურდა უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.
თამაშის მეორე ნახევარში საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ფეხბურთელთა შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა და მოედანზე ოლივიე ჟიურის ნაცვლად, რანდელ კოლო მუანი შეუშვა, რომელმაც 79-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და თავისი ნაკრები კიდევ უფრო დააწინაურა. მაროკოს ნაკრებმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და თამაში საფრანგეთის გამარჯვებით დამთავრდა – 2:0.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ფრანგები 21-ე საუკუნეში ბოლო 7 ტურნირიდან ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ ითამაშებენ.
ასე, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფინალი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, დაიწყება.
თაკო ბოკუჩავა