ბოსნია-ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
კანდიდატის სტატუსის მიღება ავტომატურ წევრობას არ ნიშნავს. ამისთვის, სახელმწიფოებმა შესაბამისი ვალდებულებები და რეფორმები უნდა განახორციელონ, რაც ზოგჯერ მტკივნეული პროცესია.
ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცოგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
,,ეს ისტორიული მომენტია, ძლიერი სიგნალია ხალხისთვის. გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლება რეფორმებს განახორციელებს”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცოგოვინას ჯერ კიდევ 2003 წელს მიანიჭა პოტენციური კანდიდატის სტატუსი, ხოლო 2016 წელს ქვეყანამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მაშინ, ევროკომისიის განცხადებით, სტატუსის მიღებამდე სარაევოს 14 სფეროში ვალდებულებები უნდა შეესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი წელს მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინასაც, საქართველომ კი ამისთვის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რომელსაც ვადა უკვე ეწურება.
ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკას რამდენიმე სახელმწიფოს გაწევრიანებით ახორციელებს, ამიტომ საინტერესოა, რა იქნება საქართველოს შემთხვევაში? დეკემბერში ქვეყანა ევროკომისიისგან პასუხს ელოდება, რის შედეგადაც გადაწყდება, გახდება თუ არა ქვეყანა მოლდოვასთან, უკრაინასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღება ავტომატურ წევრობას არ ნიშნავს. ამისთვის, სახელმწიფოებმა შესაბამისი ვალდებულებები და რეფორმები უნდა განახორციელონ, რაც ზოგჯერ მტკივნეული პროცესია. მაგალითად, თურქეთმა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადი 1987 წელს შეიტანა, მოლაპარაკებები წევრობაზე კი 2005 წლიდან დაიწყო.
ცნობისათვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებსაც: ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტონეგროს, სერბეთს.
ინგა ფუტკარაძე