შუშა კვლავ მოვლენათა ეპიცენტრშია – აზერბაიჯანელებმა ქალაქში შესასვლელი გადაკეტეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს ფიზიკური განადგურება ემუქრებათ.
ლაჩინის დერეფანში, სადაც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადის, მე-8 დღეა კრიზისია. დერეფანი აზერბაიჯანელმა ეკო აქტივისტებმა 12 დეკემბრიდან გადაკეტეს. მათ ქალაქ შუშას შესასვლელთან პავილიონები აღმართეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოქროსა და სპილენძის საბადოებში ბუნებრივი რესურსების არალეგალური მოპოვების ფაქტები ფიქსირდება, ამიტომ ლაჩინის დერეფანთან მყოფ რუს სამშვიდობო ძალებს სთხოვს, აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები სამთო საქმიანობის შესაფასებლად დაუშვას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის მიერ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სიცივეშია ჩარჩენილი, ყარაბაღში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს ფიზიკური განადგურება ემუქრებათ.
ფაშინიანი “აზერბაიჯანის მხრიდან გენოციდის პოლიტიკაზე” საუბრობს.
“ლაჩინის დერეფნის ოპერაციის შეჩერება ნიშნავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გენოციდს. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის, ვერ იღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რეგიონს არც გაზი მიეწოდება. მთიანი ყარაბაღი სომხეთზე მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებით მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აზერბაიჯანის მთავრობა კი შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისში, რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის ომი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს. კონფლიქტის ყველაზე ცხელი კერა 2020 წელი იყო, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა.
2020 წლის 9 ნოემბერს, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ყარაბაღის ომის შეწყვეტას ხელი მოაწერეს. რუსეთმა კი ლაჩინის დერეფანში სამშვიდობო ძალები განალაგა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ ამოწურულა. კონფლიქტის ზონაში სომხეთ-აზერბაიჯანის მხრიდან ვითარების ესკალაცია ხშირია. პერიოდულად ისმის სროლები, რასაც თან მსხვერპლი ახლავს.
ინგა ფუტკარაძე