ტატო გრიგალაშვილმა იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ტატო გრიგალაშვილი

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, ძიუდოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე – ,,იერუსალიმის მასტერსზე”, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა, ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, შეჯიბრებას საწყის ეტაპზევე დაემშვიდობა. სპორტსმენი მერვედფინალში ბრაზილიელ კარგნინთან იფონით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მოასპარეზე მესამე ქართველმა, გიორგი ტერაშვილმა, პირველივე დაპირისპირება დამატებით დროში, მასპინძელ იდო ლევინთან წააგო.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, ტურნირის დასკვნითი დღეა. იერუსალიმის მასტერსზე კი, მედლების მოპოვებას შვიდი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ მასტერსზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ მაღალი სიცხის გამო, თბილისში დარჩა და ტურნირში მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი