„თვითმოძრავი ეტლით“ დაწყებული „მერსედეს-ბენცის“ ისტორია
ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი“ იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი.
ადრიანა მანუელა ელინეკი 1889 წელს დაიბადა ავსტრიელი ებრაელის ოჯახში. დედა მას მოფერებით მერსედესს ეძახდა, რაც ლათინურიდან გულმოწყალეს, კეთილშობილს ნიშნავს.
ადრიანას დედა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა მაროკოში, ებრაულ დიასპორაში და დაახლოებული იყო ესპანურ საზოგადოებასთან. შესაბამისად, მან საკმაოდ კარგად იცოდა ესპანური ენა და ძალიან მოსწონდა სახელი მერსედესი, ამიტომ მეორე სახელად თავის პირმშოს მან მერსედესი დაარქვა. გოგონა პატარაობიდანვე გატაცებული იყო სიმღერით და ცეკვით და მას, მამისგან განსხვავებით, ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესი არასოდეს გამოუვლენია.
მერსედესის მამა, ემილ ელინეკი ავსტრიაში ცნობილი მეწარმე და დიპლომატი იყო. ბედის განგებით, 1890-იან წლებში მან გაიცნო ინჟინერი, კონსტრუქტორი და მანქანათმშენებელი გოტლიბ დაიმლერი და ავტოკონსტრუქტორი ვილჰელმ მაიბახი. ემილი გამჭრიახი ადამიანი იყო.
მაიბახის და დაიმლერის მიერ კონსტრურებულ ”თვითმოძრავ ეტლში” მან კარგი ბიზნესის საფუძველი დაინახა და მოახერხა ისე, რომ ეს პირველი ავტომობილები სარფიანად გაყიდულიყო ნიცაში.
აი, ასე გახდა ემილ ელინეკი კომპანია “დაიმლერის” ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში. მას თავადაც ძალიან მოსწონდა ეს ავტომობილი, ამიტომ ერთ-ერთ პირველ საავტომობილო რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა “დაიმლერის” ავტომანქანით. მაგრამ, რადგან ელინეკი ამ დროს ავსტრია-უნგრეთის ელჩი გახლდათ საფრანგეთში, აღნიშნული თანამდებობა მას უფლებას არ აძლევდა ზემოთ ხსენებულ შეჯიბრებებში მიეღო მონაწილეობა, ამიტომ რბოლაში ის გამოდიოდა ფსევდონიმით “მუსიე მერსედესი”. ეს იყო არამარტო მანქანის გამოცდა, არამედ ეშმაკური მარკეტინგული სვლა: ფრანგები ძალიან დაინტერესდნენ დაიმლერის მანქანებით.
ამ “სარეკლამო კამპანიის” შემდეგ ემილი დაიმლერთან მივიდა წინადადებით, რომ მისთვის მიეყიდათ 36 ავტომობილი, რაც იმ დროისათვის ძალიან დიდ შეკვეთას წარმოადგენდა. სამაგიეროდ, დაიმლერსა და მაიბახს მან ერთი პირობა წარუყენა: ეს ავტომობილები მას უნდა გაეყიდა “მერსედესის” სახელწოდებით. ამასთან ერთად, ელინეკი თავის თავზე იღებდა სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ-ში, საფრანგეთსა და ავსტრია-უნგრეთში.
გარიგება შედგა და მისი შედეგებით ორივე მხარე მოგებული და კმაყოფილი დარჩა. დაიმლერის მანქანები ძალიან კარგად იყიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კლიენტებმა მშვენივრად იცოდნენ ფირმის სახელწოდება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი ავტომობილს უკვე “მერსედესს” უწოდებდნენ. ამ მიზეზის გამო 1902 წელს აქციონერთა საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილმა ოფიციალურად მიიღო სახელწოდება “მერსედეს-დაიმლერი”.
იმავე წელს სავაჭრო ნიშანი “მერსედესი” დაპატენტებული იქნა, ხოლო პარიზში ჩატარებულ ავტოგამოფენაზე მოხდა პრეზენტაცია მანქანისა ”მერსედეს 35 НР”. საინტერესოა ის, რომ ამავე გამოფენაზე მანქანის გვერდით მერსედეს ელინეკის უზარმაზარი პორტრეტი იყო დაკიდებული. 1926 წელს მოხდა ორი უდიდესი საავტომობილო კომპანიის – “დაიმლერის” და “ბენცის” გაერთიანება, რის შემდეგაც ავტომობილმა მიიღო სახელწოდება “მერსედეს-ბენცი”. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი“ იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი.
დღეისთვის „მერსედეს-ბენცის“ სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ. მათ მიერ წარმოებული ყველა ძრავა ტესტირდება მანქანაში ჩასმამდე და ძრავის ზეთი, რომელიც გამოიყენება, გადამუშავდება ნარჩენების და ჭუჭყის 60-ჯერ გამორეცხვით. ასევე, ყველა ახალ Mercedes-Benz საჭის სისტემას აქვს საკუთარი ამორტიზატორები, რაც უზრუნველყოფს დამატებით სიგლუვეს და უსაფრთხოებას მართვის დროს.
და ბოლოს, დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ, იხილონ „მერსედეს-ბენცის“ ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით – ,,Motorwagen-ით” და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil-ით”.
ლელა დევდარიანი