ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვაშინგტონიდან მოსკოვი მკაფიო გზავნილებს იღებს: ანალიტიკოსი

თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვაშინგტონიდან მოსკოვში საკმაოდ მკაფიო გზავნილები იგზავნება, როგორც ღია წყაროებით, ისე კულუარულად, ანუ იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ამერიკული პასუხი.

მისივე თქმით, ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ახლა ყველაზე აქტიურად მსჯელობენ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. მიიჩნევა, რომ ვითარებაში, როცა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟს აქტიურად იყენებს, აშშ-მ და დასავლეთმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

კორნელი კაკაჩია სულ ახლახანს აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი ინფორმაციით,  მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ  უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, როგორი უნდა იყოს შავი ზღვის უსაფრთხოება და საერთოდ ვითარება სამხრეთ კავკასიაში.

“თუ მანამდე დასავლეთი უსაფრთხოების საკითხებში შავ ზღვას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა ვითარება აშკარად განსხვავებულია. აშშ-მ შავ ზღვასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტიც კი მიიღო. ახლა აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშაოს სპეციალური სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც გათვალისწინებული და გაწერილი იქნება შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების არა მარტო პრობლემები, არამედ ამ პროცესში მონაწილეობის პერსპექტივა”, – აცხადებს პროფესორი კორნელი კაკაჩია.

წყარო: IPN.ge