“ამერიკული ფული ქველმოქმედება არ არის” – ზელენსკი და ბაიდენი სამყაროს ერთნაირად აღიქვამენ 

აშშ უკრაინას 1.85 მილიარდი აშშ. დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.

ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და ჯო ბაიდენს შეხვდა. ზელენსკიმ ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა. ამერიკელი კანონმდებლები მას კონგრესში ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესს ბახმუტიდან ჩატანილი, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია. მისი თქმით, უკრაინას უფრო მეტი იარაღის მიწოდება ესაჭიროება.

“თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში. ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო, თავისუფალი ვართ”, – მიმართა ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს.

მისი განცხადებით, შობას სანთლის შუქზე ანთებული გულით აღნიშნავენ და ყველას ერთ სურვილს, უკრაინის გამარჯვებას უსურვებენ. მან ირანი რუსეთისთვის დრონების გაგზავნის გამო ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის მხარდამჭერად მოიხსენია. მისი აზრით, თუ მსოფლიო რუსეთსა და ირანს არ შეაჩერებს, რუსეთი უკრაინის გარდა, თავს სხვა ქვეყანასაც დაესხმება.

რაც შეეხება, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას, ბაიდენმა, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის სახელით, უკრაინას უპირობო მხარდაჭერა და დახმარება გამოუცხადა. აშშ უკრაინას 1.85 მილიარდი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და საჰაერო თავდაცვის სისტემას – “პატრიოტს” მიაწვდის.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მარტო არასდროს იქნება და აშშ ყველა იმ ტიპის შეიარაღებას გადასცემს, რომელიც მას ტერიტორიის სრულად განთავისუფლებაში დაეხმარება.

“ჩვენ დაგეხმარებით მანამ, სანამ საჭირო იქნება. მინდა ყველა უკრაინელმა იცოდეს, რომ ამერიკა თქვენს გვერდით დგას. მე და პრეზიდენტ ზელენსკის სამყაროს ზუსტად ერთნაირი აღქმა გვქვს. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა – თავისუფალი დამოუკიდებელი უკრაინა”, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატოსა და ევროკავშირს დაასუსტებდა, თუმცა პირიქით, ომმა ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირი უფრო მეტად გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური მოვლენა, რუსეთ-უკრაინის ომი, 300 დღეა, რაც მიმდინარეობს.

ინგა ფუტკარაძე