IJF-ის წლის ბოლო რეიტინგში სხვადასხვა წონით კატეგორიაში 3 ქართველი ლიდერობს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტებიც არიან.
სამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ლიდერობს. -60 კგ. წონით კატეგორიის საუკეთესო ათეულში, 3574 ქულით ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე, გიორგი სარდალაშვილი მე-7 ადგილზეა; -66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი 4170 ქულით მე-6 ადგილს იკავებს; -73 კგ. წონით კატეგორიაში 6615 ქულით პირველ ადგილზე ლაშა შავდათუაშვილი გვხვდება; -81 კგ. წონითი კატეგორიის ლიდერი 9296 ქულით 2022 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილია; -90 კგ. წონითი კატეგორიის ათეულში 3 ქართველი ძიუდოისტია.
მე-3 ადგილზე 5593 ქულით ბექა ღვინიაშვილია, რომლის შემდეგაც 4865 ქულით მე-4 ადგილს ლუკა მაისურაძე იკავებს, მე-7 ადგილზე კი 4000 ქულით ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაურია; -100 კგ. წონით კატეგორიის ლიდერი 5752 ქულით ილია სულამანიძეა.
ათეულში ბოლო ადგილს კი, 3531 ქულით ვარლამ ლიპარტელიანი იკავებს; +100 კგ. წონით კატეგორიაში 4699 ქულით მეორე ადგილს გურამ თუშიშვილი იკავებს. რაც შეეხება ქართველ ქალ ძიუდოისტებს, ყველა წონითი კატეგორიიდან საუკეთესო ათეულში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანია. სპორტსმენი -57 კგ. წონაში 4592 ქულით მე-7 ადგილზეა.
თაკო ბოკუჩავა