ლამაზი ფეიერვერკების მომაკვდინებელი შედეგები – “აიკრძალოს პიროტექნიკა!”
მოსახლეობა პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვასა და ფულადი ჯარიმის დაწესებას დიდი ხანია ითხოვს.
ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება და ქუჩებში უკვე ისმის პიროტექნიკის უსიამოვნო ხმები. მოქალაქეების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი, თბილისელები ბოლო დროს, აქტიურად საუბრობენ პიროტექნიკის აკრძალვაზე. ბავშვების გასართობად ქცეული “ასაფეთქებლები” ძალიან ბევრი ოჯახისთვის ახალი წლის, არც თუ სადღესასწაულო განწყობით დაწყების მიზეზი ხდება. ყოველ წლიურად იზრდება პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რიცხვი. აქ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ფეთქებადი ქიმიური ნაერთი არასრულწლოვანებისთვისაც ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულებისა და მოხუცებისთვის.
“დღეს შუადღეს, მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე, ბავშვის ეტლით მიმავალ ქალს აუფეთქეს ძალიან დიდ ხმიანი ბომბი მოზარდებმა. რა თქმა უნდა გავბრაზდი და ჩხუბზე უტიფარი სახით, ხარხარით, მეც მესროლეს და ისევ გააგრძელეს. მეც 2 წლის ბავშვით ვიყავი. ბავშვებს რა დაემართებოდათ, გამოიცანით ამ მავნებლობას და ავადმყოფობას საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის გარდა, არაფერი უშველის”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.
ის არა მხოლოდ პიროტექნიკის აკრძალვას, ფულადი ჯარიმის დაწესებასაც ითხოვს.
“მშობლებო, ნუ ახალისებთ ბავშვების ამ ბოროტ საქციელს! გასართობი დაილია? თქვენი ნაშრომი ფული, მაინც არ გენანებათ? გარემო არ გეცოდებათ, პეტარდების ნარჩენებით დანაგვიანებული?! მაგ პეტარდის ფულით წადით, მტრედებს აჭამეთ, მიუსაფარ ცხოველებს, დაგლოცავენ, მადლია. წყევლა და გინება გირჩევნიათ?”, – წერენ ფეისბუქ მომხმარებლები.
პიროტექნიკის გამოყენებას ძალიან ხშირად ახლავს თან სხეულის ცალკეული ნაწილების დაზიანება და სხვადასხვა სახის დამწვრობა. მისი ყოველდღიურობაში გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომ აუცილებელია ისეთი ინსტრუმენტის არსებობა, რომელიც პიროტექნიკის გამოწვეულ საფრთხეებს, მინიმუმამდე დაიყვანს. პიროტექნიკა გარემოსაც აბინძურებს და საფრთხე უქმნის ცოცხალ არსებებს. აფეთქებისას, სხვადასხვა სახის მეტალის ნაწილაკები გამოიყოფა, რომელიც ნიადაგშიც ილექება და ჰაერშიც რჩება.
საახალწლო დღესასწაულების ერთ-ერთი შემადგენელ კომპონენტს – ფეიერვერკს, დღეს უკვე თითქმის ყველა ოჯახში იყენებენ, თუმცა ყველა როდი იცავს მისი გამოყენების წესებს. ცნობილი ფაქტია, რომ პიროტექნიკა საშიში და დამაზიანებელია არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ცხოველებისა და ბუნებისთვისაც.
ფეიერვერკისთვის სასურველი ფერის მიცემა, მეტალების გამოყენებით ხდება. მაგალითად, ლურჯ ფერს სპილენძი ქმნის, წითელს – ლითიუმი, მწვანეს კი, – ბარიუმი. ეს ნივთიერებები საკმაოდ საზიანოა. ეს ელემენტები ნიადაგშიც ილექება, იმ ნიადაგიდან აღმოცენებული მოსავალი კი, საკვებად გამოუსადეგარი ხდება.
ფეიერვერკების გაშვებას თან ახლავს გარემოს მჟანგავი ნივთიერებებით დაბინძურება. მჟანგავ ნივთიერებებს, უფრო ზუსტად კი, პერქლორატებს, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს. ისინი წყალში იხსნება და მდინარეებს, ტბებსა და სასმელ წყალს აბინძურებს. ამერიკის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციის (FDA) ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათმა მაღალმა დოზამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას. შეაფერხოს, მისი ფუნქციონირება, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობასა და ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებს გამოიწვევს.
ფეიერვერკების გამოყენების შემდეგ, ალბათ, შავი ნისლი ყველა ჩვენგანს შეუნიშნავს, რადგან ჰაერში ის საკმაოდ მკვეთრად ჩანს.
ფეიერვერკები ცხოველებსაც აზიანებს. ქუჩებში მცხოვრები ცხოველების დიდი ნაწილი, ფეიერვერკების გასროლის შედეგად, იღუპება ან სმენა და მხედველობა უზიანდება. მათთვის ეს ხმები, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის შემქმნელია, რაც ხშირად ადამიანების მიმართ აგრესიაში ვლინდება.
ძაღლებს განსაკუთრებით ეშინიათ ხმაურის. ხმები მათ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, რაც შფოთვასა და შიშს იწვევს. ამ დროს საფრთხისაგან გაქცევა გადარჩენის ჯანსაღი ინსტინქტია, თუმცა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ახალი წლის დღეებში, მშვიდი ადგილის პოვნა ძალიან უჭირთ. ამ დროს, ისინი ხშირად კანკალებენ, ყეფენ, მოუსვენრად დარბიან ან იმალებიან, ზოგჯერ კი, გულის შეტევა და სიკვდილიც ფიქსირდება. ფეიერვერკებს ეწირება უამრავი ფრინველი.
პიროტექნიკით, ყველაზე ხშირად, ადამიანები ხელებსა და თითებს იზიანებენ, თუმცა საფრთხე თვალებსაც ემუქრება. აფეთქებისას გამოტყორცნილმა ნაწილაკებმა შესაძლოა, თვალის კაკალი გახვრიტოს, სახეზე კი დამწვრობა, ძვლების დამტვრევა და ქსოვილების დაკარგვა გამოიწვიოს.
შესაძლოა, ფეიერვერკის გასროლის ხმამ, დროებით ან სამუდამოდ, სმენაც დაგვაკარგვინოს. ცნობილია, რომ 85 დეციბელზე (ხმაურის საზომი ერთეული) მაღალი ხმა სმენისთვის სახიფათოა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ფეიერვერკი მოქმედებას, დაახლოებით, ერთ მეტრში დაიწყებს, ხმაურმა შეიძლება 150 დეციბელამდეც მიაღწიოს. გარდა ზემოთ ხსენებული მიზეზებისა, პიროტექნიკა შესაძლოა ხანძრის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.
მგონი საკმაო მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ახალ წელს, პიროტექნიკის გამოყენებაზე, უბრალოდ, უარი ვთქვათ. აუცილებლად გავიხსენოთ ის ცხოველები თუ ფრინველები, რომელთა სიცოცხლეც, ჩვენი რამდენიმეწამიანი სიხარულისთვის, შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ. გარდა ამისა, ჩვენი სამშობლოს ულამაზეს ბუნებაზე ვიზრუნოთ, რათა ჩვენი შვილები, ჯანსაღ გარემოში გავზარდოთ.
პიროტექნიკის გამოყენებას არ ამართლებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და 90-იანი წლების პერიოდს იხსენებს. ძველად, ახალი წლის ღამით, თოფებს ისროდნენ, რადგან ფეიერვერკები არ არსებობდა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, პიროტექნიკა თოფზე არანაკლებ საშიშია.
“ტრადიციულსა და დღევანდელს თუ შევადარებთ, ადრე, თავის დროზე, ახალ წელს, თოფის გასროლით ხვდებოდნენ. ახლა კი, პიროტექნიკით ხვდებიან. ერთხანს, 90-იან წლებში, თოფის ბათქა-ბუთქი იყო მთელ თბილისში, სანამ პიროტექნიკა შემოვიდოდა”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს რამაზ საყვარელიძემ.
საქსტატის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, წელს, პიროტექნიკის იმპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი, რაც გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 23 დეკემბერს, საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკრებულოში ინიციატივა დაარეგისტრირა. იგი საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პიროტექნიკის დღის ნებისმიერ მონაკვეთში აკრძალვას ითხოვს. პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონის ინიციირება, ბევრჯერ მოხდა, თუმცა, ჯერჯერობით ამას კომპეტენტური და ლოგიკური გადაწყვეტა არ მოჰყოლია.
სალომე ხომასურიძე