მსოფლიოს “შავი მარგალიტი”- პელე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი, სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, “ფეხბურთის მეფე” – პელე, 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუა, თუმცა, ის მსოფლიომ “პელეს” სახელით გაიცნო და მთელი კარიერის მანძილზე, ამ სახელმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

პელე 1940 წლის 23 ოქტომბერს, ბრაზილიაში, კერძოდ, ტრეს-კორასოინსში დაიბადა. ის მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ, ყველა დროის, შეუცვლელ და საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა.

მას მოიხსენიებენ, როგორც “შავ მარგალიტს” და “ფეხბურთის მეფეს”. პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში კი, უკვე 16 წლის ასაკში თამაშობდა, ხოლო როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო, 17 წლის იყო.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს მშობლიური ბრაზილია არ დაუტოვებია.

1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), “საუკუნის ფეხბურთელად” დაასახელა. იმავე წელს, ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, ოქროს ბურთის მფლობელები გამოკითხა და პირველ ადგილზე, პელე გავიდა. 1999 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო Reuters-მა, ხოლო 2001 წელს გაზეთმა L’Équipe-მა, პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. საფეხბურთო კარიერის დროს, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

აღსანიშნავია, რომ პელეს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წლებში გახდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი, სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლეგენდარული ფეხბურთელი 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი