გაყიდვების შემცირების გამო, Amazon-ი 18 ათასამდე თანამშრომელს გაუშვებს
ონლაინგაყიდვების კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს. შემცირებები კი, 18 იანვარს დაიწყება.
ამერიკული კომპანია Amazon-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა, რომელიც თანამშრომელთა მასშტაბურ შემცირებებს გეგმავს. როგორც BBC -ი იტყობინება, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გაყიდვების შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ ახლა ონლაინგაყიდვების კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს. უახლოეს მომავალში, ამერიკული კომპანია სამსახურიდან 18 ათასი დასაქმებულის გათავისუფლებას აპირებს. შემცირებები კი, 18 იანვარს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამაზონის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს, სადაც ასევე ბევრი ადამიანია დასაქმებული. Amazon-ს აქვს საიტები სხვა ენებზეც, რომლებშიც არა მარტო ენაა შეცვლილი, არამედ მომსახურება, გასაყიდი პროდუქცია, ქვეყნების გადაზიდვის მხარდაჭერა და ბევრი სხვა. კომპანია, ასევე, სამომხმარებლო ელექტროტექნიკას აწარმოებს.
ამაზონმა თავისი თანამშრომლების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ონლაინ ვაჭრობის მკვეთრი მატების ფონზე გაზარდა. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ მსოფლიოში 1,62 მილიონი ადამიანი დაასაქმა, მაგრამ სექტემბრისთვის ეს რიცხვი 1,54 მილიონამდე შემცირდა.
2022 წლის მესამე კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Amazon-ის წმინდა მოგება 9%-ით დაეცა. 2022 წლის ბოლო სამ თვეში კომპანია თავისი სტანდარტებით უმნიშვნელო ზრდას ელის, წელიწადში – 2-დან 8 პროცენტამდე.
თანამშრომლების შემცირების ტენდენცია შეინიშნება სხვა დიდი კომპანიებშიც, ასე მაგალითად, შარშან, ნოემბერში Facebook-ის მშობელმა კომპანიამ Meta-მ გამოაცხადა, რომ გაათავისუფლებს 11 000 თანამშრომელს. ოქტომბერში Twitter-ის ახალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სამსახურიდან 7500 თანამშრომელი დაითხოვა, აგვისტოს ბოლოს Snapchat-მა საკუთარი პერსონალი 20%-ით შეამცირა.
სალომე ხომასურიძე