,,როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად“ – ლუჩანო სპალეტი

გთავაზობთ იტალიური გამოცემების კომენტარებს, ქართველი ფეხბურთელის შესახებ

გუშინ, 8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში ქართველებისთვის გამორჩეულად საყვარელი გუნდი “ნაპოლი”, “სამპდორიას” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ, იტალიურმა გამოცემებმა, ,,ნაპოლის“ მოთამაშეები შეაფასეს. ქართველი ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას კი, რა თქმა უნდა, ზუგდიდელი ხვიჩა კვარაცხელია იწვევს.

გთავაზობთ იტალიური გამოცემების კომენტარებს, ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

“მართალია, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა, მისი ბოლო თამაშები საგანგაშოა. “ინტერთან” ჩაგდებული მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თავის აჩრდილია. თითქოს კვარაცხელიას კონცენტრაციის პრობლემა აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა, საკუთარი თავის აჩრდილია” – Eurosport-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

“ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, რამდენიმე სიტუაციაში სითამამეც დააკლდა. რამდენიმე შანსიც მიიღო, თუმცა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვა” – Tuttonapoli-მ კვარაცხელიას 6 ქულა დაუწერა.

“ინტერთან” წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ხვიჩა ფორმაში ჩადგომას, კვლავ ვერ ახერხებს. მისგან მხოლოდ უმაღლესი დონის თამაშებს ვართ მიჩვეულნი. “სამპდორიას” წინააღმდეგ კი, დრიბლინგის გაკეთებაც გაუჭირდა” – Tuttomercatoweb-ი ქართველის გუშინდელ თამაშს, 5 ქულით აფასებს.

“ფორმა, რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. ის ფეთქებადობა და სითამამე, რაც სეზონის პირველ ნაწილში გააჩნდა, თითქოს გაქრა” – Persemprenapoli-მ ,,კვარას“ 6 ქულა დაუწერა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “სამპდორიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი “ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც გააკეთა და მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

“დღეს არავისთან არაფერი გვქონდა დასამტკიცებელი. “ინტერთან” უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი, უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად, სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო, უქმობა მოუწია. პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს. პარასკევს, “იუვენტუსთან” მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამ შეხვედრას დაველოდოთ და მერე ვისაუბროთ”, – აღნიშნა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” სერია A-ში 44 ქულით ლიდერობს. გუნდი მორიგ მატჩს, 13 იანვარს, “იუვენტუსთან” გამართავს, რომელიც თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი