რუსეთი ჯარის მართვის გაუმჯობესებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გეგმავს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავს რუსული ჯარის სამხედრო აღჭურვილობისა და ეკიპირების უმაღლეს დონეზე აყვანას, სამეთაურო-კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, სამხედრო კომისარიატების მუშაობის მოდერნიზებას, მათ შორის, მონაცემთა ბაზის დიგიტალიზაციას, ასევე, თანამედროვე დამრტყმელი იარაღის არსენალის გაფართოებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც მებრძოლს სჭირდება, უნდა იყოს თანამედროვე, კომფორტული და საიმედო.

„ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ მენეჯმენტი და კომუნიკაციების სისტემა. ამ მიზნებისთვის აქტიურად გამოვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 10 იანვარს, სამინისტროში გამართულ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, 2023 წელს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს საჰაერო კოსმოსური ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას, მათ შორის გამანადგურებლების, ბომბდამშენების, უპილოტო საფრენ აპარატებისა და ბირთვული ტრიადის განვითარებას.

სერგეი შოიგუმ ასევე გამოაცხადა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების დიგიტალიზაცია.

წყარო: “კომერსანტი.რუ”