კატარის კორუფციული სკანდალის შემდეგ, ევროპარლამენტი ნდობის აღდგენას ცდილობს

ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა ლობისტური საქმიანობა 2 წლით აეკრძალოთ, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გათავისუფლებიდან.

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – ევა კაილი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შეიმუშავა 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ინსტიტუტის მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდას. ეს ზომები გამიზნულია იმ პრობლემების გადასაჭრელად, რამაც გამოიწვია კატართან დაკავშირებულმა სკანდალმა, როდესაც ევროპარლამენტის წევრი კორუფციაში ამხილეს.

როგორც გერმანული Süddeutsche Zeitung-ი წერს, ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალის საპასუხოდ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი წესები, რომლებიც დაარეგულირებს ევროპარლამენტარების მუშაობას და მათთან ლობისტების წვდომას. ამ მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ 14-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელსაც საპარლამენტო ჯგუფების წამყვან წარმომადგენლებთან განიხილავს.

როგორც მეცოლა წელს, ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმებისკენ, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიმართ ნდობა უნდა აღუდგინონ. პარლამენტმა ამ გეგმის რეალიზების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, მეცოლა გამოდის ინიციატივით, დეპუტატებს, რომლებიც ევროპარლამენტს დატოვებენ, ლობისტური საქმიანობა 2 წლით აეკრძალოთ. სამომავლოდ, პარლამენტის წევრებს დაევალებათ საჯაროდ განაცხადონ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ვის ხვდებიან, რა სახის საჩუქრებს იღებენ, ვინ ეპატიჟება მოგზაურობებში, რა გვერდითი აქტივობებით არიან დაკავებულნი და რა ფინანსური ინტერესები – ან ინტერესთა კონფლიქტი – შეიძლება ჰქონდეთ.

აიკრძალება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საპარლამენტო „მეგობრობის ჯგუფების“ შექმნა; შეიზღუდება ლობისტების წვდომა ევროპარლამენტარებთან ბრიუსელსა და სტრასბურგში. მაგალითად, ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს აღარ უნდა მიეცეთ შენობებთან შეუზღუდავი წვდომა, დოკუმენტური სახე მიეცემა იმას, თუ ვინ, როდის და რა მიზნით შევა პარლამენტში.

შეთავაზებული ღონისძიებების მიზანია იმ პრობლემების გადაჭრა, რამაც გამოიწვია კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. ამ საქმეში რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ევროპარლამენტარია ჩართული, მათ შორის ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი, რომელიც ასევე პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ახლა პატიმრობაში იმყოფება. აქამდე ჩატარებული გამოძიების თანახმად, სულ მცირე ორი ქვეყანა, მაროკო და კატარი, სავარაუდოდ ცდილობდნენ, ბრიუსელში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით და დიდი ფულის სანაცვლოდ, გავლენა მოეხდინათ პარლამენტის პოლიტიკურ მუშაობაზე.

“რამდენად შეძლებს მეცოლა ახალი წესების შემოღებით ამ სკანდალის თავიდან აცილებას, უცნობია”, – წერს გაზეთი Süddeutsche Zeitung-ი.

გაზეთის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა გამიზნულად სჩადიოდნენ ამ კრიმინალურ საქმიანობას, ქრთამს იღებდნენ და სხვასაც სთავაზობდნენ. ან თავად არაფერი იცოდნენ. მეცოლას ზოგიერთი იდეა ასევე ეხმიანება კრიტიკოსების მოთხოვნებს, რომლებიც ევროპარლამენტს გამჭვირვალობის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროუნდმა, რომელიც ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიას” წარმოადგენს, მოიწონა მეცოლას წინადადებები, თუმცა განაცხადა, რომ მეცოლას წინადადებებს აკლია პუნქტი – მესამე ქვეყნებს მოსთხოვონ ევროკავშირის ლობისტების რეესტრში დარეგისტრირება.

შორენა ღავთაძე