რუსეთ-უკრაინის ომის რელიგიური შემადგენელი – სახელმწიფო ღალატის ნიშნები

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ბევრი რამ გამოკვეთა. გარკვეული ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოებას გაორმაგებული ძალებით იცავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომში ჩართულნი არ აღმოჩნდნენ.

პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ დასავლეთს სურს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ კავკასიელები გამოიყენოს, რომ დასავლეთი კავკასიის ქვეყნების მოსახლეობას, უყურებს, როგორც საზარბაზნე ხორცს.

“ისინი ასე უყურებენ უკრაინელებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყაზახებს, ტაჯიკებს. კოლოსალური წნეხი ხორციელდება ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე, რომ რუსეთს შეატაკონ“, – აცხადებს ბაღათურია.

ამ ფონზე დაპირისპირება შეინიშნება უკრაინის შიდა პოლიტიკურ წრეებში. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ დნიპროში გაკეთებული განცხადების შემდგომ. არესტოვიჩის თქმით, რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. „X-22“ ტიპის რაკეტა უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და, სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა.

აღნიშნულ განცხადებაზე მოგვიანებით ბოდიში თავადვე მოიხადა და საკუთარ სიტყვებს სერიოზული შეცდომა უწოდა. შემდეგ ყველა იმ ადამიანს მოუბოდიშა, ვინც მისი სიტყვებით დაზარალდა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელს და არა უკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქ. დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც 40-მდე ადამიანის, მათ შორის, 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არესტოვიჩის მხრიდან იმის თქმამ, რომ ეს რაკეტა უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო, რადაში მღელვარება გამოიწვია და სახელმწიფო ღალატად შეფასდა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩევლის დაუყოვნებლივ გადაყენება მოითხოვეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც მიმართა, რადგან, მათი შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს“.

უკრაინის რადას დეპუტატების აქტიურობას შედეგი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა მალევე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გადადგომა შეფუთა, როგორც “ცივილიზებული ქცევის მაგალითი”, ფუნდამენტური შეცდომის აღიარება მაინც მოუხდა.

„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ომის პირობებში არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გამოხატული „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმის ნიშნები“ გახდება თუ არა ზელენსკის მრჩევლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი თუ, მხოლოდ თანამდებობის დატოვებით შემოიფარგლებიან, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის არესტოვიჩის დამოკიდებულება საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ზელენსკის ოფისის მრჩეველმა ქართველების მისამართით არაერთი განცხადება გაავრცელა. ქართულმა მხარემ არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად შეაფასა და ღიად დააფიქსირა, რომ ქართული მხარე ისედაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და ომში ჩართვას არ აპირებს. უკრაინის ინტერესებშია, რუსეთის სამხედრო ძალა გადანაწილდეს და ამისთვის რეგიონში ახალი ცხელი კერები გაჩნდეს. მეორე მხრივ, საქართველო ამ ომში არა უკრაინის სასარგებლოდ სურთ ჩართონ, არამედ აშშ-ის.

„თვითონ უკრაინა არის ომში აშშ-ის ადმინისტრაციის სასარგებლოდ ჩართული. ყველაზე დიდი დარტყმა უკრაინამ მიიღო და მეორე ადგილზეა, ევროპა, თავისი ეკონომიკის განადგურებით. ამერიკელებმა ევროპის ეკონომიკა პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს. აქ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც სარგებელს იღებს, არის აშშ“, – აცხადებს ბაღათურია.

მედია სააგენტო “24”-თან “ქართული დასის” ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომის რელიგიურ კომპონენტზეც საუბრობს. მისი აზრით, ზელენსკის პიარის თემებს ულაგებენ, მაგრამ ის საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.

„ის, რასაც ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია უკრაინაში აკეთებენ, არის მიკრომოდელი ანტიქრისტე რომ მოვა, როგორ დაიწყება მართლმადიდებლების დევნა. უკრაინაში ტაძრების შესასვლელებში გამოაკრეს სააგიტაციო მასალა, არ უშვებენ ადგილობრივ მრევლს, ადამიანს, რომელიც იმ ეკლესიის შვილია, სანამ არ შეინანებს და უარს არ იტყვის თავის ნათლობაზე. მორწმუნემ უარი უნდა თქვას, თავის ნათლობაზე, საჯაროდ შეინანოს და მერე უნდა გადაინათლოს იმ სექტაზე, რომელიც მაგათ შექმნეს. ამას ღიად ითხოვს ზელენსკის ადმინისტრაცია. უნდა შეინანოს ნათლობაც და იქ რომ ეზიარებოდა, ესეც. წარმოგიდგენიათ?“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია, რომელიც ამბობს, რომ ეს დადასტურებული ინფორმაციაა.

რაც შეეხება იმას, რამდენად თანხმდება უკრაინის მორწმუნე მოსახლეობა ზელენსკის ადმინისტრაციის ამ მოთხოვნას, „ქართული დასის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ზოგი მორწმუნე მართლაც ასე იქცეოდეს, თუმცა, ეს პროცესი ამით არ დამთავრდება.

ჯონდი ბაღათურია: „სუფთა მისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ზუსტად ასე მოიქცევა ანტიქრისტე. ე.ი. ზელენსკი არის მიკრომოდელი ანტიქრისტესი. ლოკალურად შემოსაზღვრულია უკრაინაში, მერე მთელ მსოფლიოში ასე იქნება. ზელენსკი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ანტიქრისტე გააკეთებს. ამაზე არავინ ლაპარაკობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ახლა დუმილს ირჩევენ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოებს ვგულისხმობ და ხმას არ იღებენ, ხალხი ვერ ხვდება. შიგნით ხომ ეს დუღილი მიდის, ერში. ამიტომ ზელენსკის ყველა საქციელი თავიდანვე განწირული იყო, მაგრამ ეს უკვე ისეთი რაღაცაა, რომლის პატიება არ შეიძლება. მე წინააღმდეგი ვარ იქ ჩვენი ბიჭების ბრძოლის, თუმცა ვფიქრობ, უფლება არ მაქვს, გავაკრიტიკო. ჩემი პოზიცია მაქვს – ზოგადად, ავღანეთში რომ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები, ამის წინააღმდეგიც ვიყავი. ვამბობდი, ავღანელი რომ შეგხვდეს ან ტყვედ აიყვანო, რას ეტყვი, რომ გითხრას – რა წაგართვი, რატომ მეომები, რა ვერ გაიყავი ჩემთან? – მაგრამ იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ ჩვენ ვაკრიტიკოთ და ვიძახოთ, რატომ წახვედი ომში. როგორც ექიმს, მასწავლებელს უნდა ხელფასი, ისე უნდა მეომარსაც. ეს მისი პროფესიაა, იბრძვის. ოჯახი ყველას ჰყავს. ზომიერი შეფასება მაქვს. მაგრამ ეს მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანია. გამოყარეს სასულიერო პირები. „კიევ-პეჩორის ლავრა“ დიდია თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით მართლმადიდებლობაში. კონსტანტინოპოლი რომ დაეცა და „აია სოფიაში“ თურქები, ოსმალები რომ შევიდნენ მე-16 საუკუნეში, ეს პროცესი ამ მასშტაბის არის. მართლმადიდებლები გამოყარეს ტაძრიდან – გლობალური არმია (შეიარაღებული სამხედრო შენაერთები) შევარდა კიევ-პეჩორის ლავრაში და გამოყარეს მრევლი. დღეს თვითონ ეს სექტაა შესული და იქ ყველაფერს ხელმძღვანელობს. არავის უშვებენ ძველი მრევლიდან. გამოკრული აქვთ წარწერა და ეუბნებიან, რომ საჯაროდ უნდა შეინანონ მონათლული რომ იყო ამ ეკლესიაში და რომ იქ რუსულად ეზიარებოდა, ლოცულობდა“.

გიორგი გლოველი