“როცა ამდენ ხალხს უყვარხარ, უნდა დააფასო” – ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრის მადლიერია
ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, რამდენიმე დღის წინ, ისტორიული მატჩი შედგა. “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 10 ქულით გაასწრო.
ამ მატჩის შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც “ნაპოლის”, ისე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის თამაშს.
“საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აგრძელებს შესანიშნავ სადებიუტო სეზონს სერია A-ში. მან თავისი მე-7 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის მხოლოდ 21 წლისაა, გააქვს გოლები და აქვს პასების შესანიშნავი დიაპაზონი, ხოლო ის სისწრაფე, რომლითაც ის მოედნის მარცხენა ფლანგიდან უტევს, მის შეჩერებას თითქმის შეუძლებელს ხდის. „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველების სამეულს მომდევნო კვირების განმავლობაში მის შესახებ კოშმარები დაესიზმრება“, – წერს Eurosport-ი.
“კვარაცხელიამ და ოსიმენმა იუვენტუსი გაანადგურეს, ნაპოლი 10 ქულით დაწინაურდა!” – ასეთი სათაური გამოჩნდა La Gazzetta dello sport-ზე.
“ნაპოლის მასტერკლასი! – კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით მომაკვდინებელი დუეტი ჩამოყალიბდა”, – წერს ესპანური AS-ი.
“ნაპოლიმ” ” იუვენტუსი” მძიმე რეალობაში დააბრუნა – მატჩში სხვაობა ნაპოლის ნიჭიერმა შემტევებმა შექმნეს”, – ვკითხულობთ Marca-ზე.
“ნაპოლი”, როგორც მაიკ ტაისონი – “იუვენტუსი” ნოკაუტშია!” – წერს IlNapolista.
“ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოზომილი ჩაწოდებით ბურთი თავზე დაასვა ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ნაპოლი წინ 10 ქულით გაიჭრა“, – წერს BBC Sports-ი.
“წარმოუდგენელი შედეგი ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრაში, სხვაობა უკვე ათი ქულაა, “ნაპოლის” უკვე შეუძლია სკუდეტოზე იოცნებოს, რომელიც მარადონას შემდეგ არ მოუგია”, – წერს Sky Sports UK.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ,,იუვენტუსთან’’ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
“ნეაპოლელი ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით. სასწაული იყო პირველი თამაში ამ ტრიბუნაზე. მივხვდი, რომ პროფესიონალებთან ვიყავი. დიდი მადლობა თითოეულ ნეაპოლელს და თითოეულ გულშემატკივარს, რომ ასე თბილად მიმიღეს მათ სახლში. ალბათ, რთულია, სულ ერთ დონეზე იყო და ყველაფერი ისე აკეთო, როგორც დაიწყე. მაგრამ ფეხბურთელის მოვალეობაც ეს არის. როცა ამდენ ხალხს ასე უყვარხარ და პატივს გცემენ, უნდა დააფასო და ყველაფერი ბოლომდე გააკეთო. რაც შეეხება მიზანს, “ნაპოლის” მიზანია ტიტულების მოგება. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ყველაფერი წინ არის და თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება”, – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
,,ნაპოლი’’ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, ,,სალერნიტანას’’ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე ,,კრემონეზეს’’ უმასპინძლეებს.
სეზონის დასრულებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ “ნაპოლიმ” სერია A-ში ზედიზედ 8 თამაშის მომგები იუვენტუსი ისე გაანადგურა, რომ საჩემპიონო თამაში სხვა არაფერია. იუვენტუსს, რომელსაც აქამდე, 17 თამაშში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 7 ბურთი ჰქონდა გაშვებული, ნეაპოლელებმა ამ შეხვედრაში 5 ბურთი გაუტანეს!
იუვენტუსმა სერია A-ს მატჩში 5 გოლი 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა (მაშინაც 1:5, ოღონდ პესკარასთან). საინტერესოა, რომ მაშინ იუვეს 1 გოლი მასიმილიანო ალეგრიმ გაუტანა. “ნაპოლიმ” თავის მხრივ, “ბიანკონერის” 5 გოლი ისტორიაში მეორედ გაუტანა (სერია A-ში). პირველად 1988 წლის 20 ნოემბერს.
ლელა დევდარიანი