ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა თუ დივერსია – უკრაინის შს მინისტრი დაიღუპა
Страна.ua-ს ინფორმაციით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 2018 წელს კიევმა საფრანგეთისგან შეიძინა.
უკრაინაში აფეთქებების სერია არ წყდება. ძალიან დიდია დანაკარგები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. საომარ მოქმედებებს ეწირებიან არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ კონკრეტული თანამდებობის პირებიც.
დღეს, კიევის მახლობლად, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნისას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, – განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ.
რაც შეეხება დაშავებულთა საერთო რაოდენობას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, აქედან 3 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში 9 პირი იმყოფებოდა. იგორ კლიმენკოს განცხადებით, 29 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 15 ბავშვია.
“სამინისტროს ხელმძღვანელობა გაფრინდა ერთ-ერთ ცხელ წერტილში, <…> სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავარიის შესაძლო ვერსიებს შორის, ტექნიკის გაუმართაობას, უსაფრთხოების წესების დარღვევასა და დივერსიას ასახელებს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა. მისი თქმით, ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. გამოძიებას სახელმწიფო კომისია ჩაატარებს, ყველა მონაცემის დადგენას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება. იგნატის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 2018 წელს საფრანგეთისგან შეიძინეს, – ამ ინფორმაციას Страна.ua ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ უკრაინის შს მინისტრმა შეატყობინა ზელენსკის პირველმა ომის დაწყების შესახებ და პრეზიდენტს უთხრა, რომ აუცილებელი იყო უკრაინელებისთვის იარაღის დარიგება.
დენის მონასტირსკი 43 წლის იყო, მას მეუღლე და 2 შვლი დარჩა. შინაგან საქმეთა მიმნისტრის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა. იყო მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და უკრაინის რადას დეპუტატი.
დენის მონასტირსკიმ 2007 წელს იურისტის კარიერა დაიწყო. 2019 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის წარადგინეს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ექსპერტი იურიდიულ საკითხებში. რადაში მუშაობის დროს ის იყო დეპუტატი, რომელმაც ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. რადაში სამართლის საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა თანამდებობა დატოვა, დენის მონასტირსკი დაინიშნა ამ თანამდებობაზე.
რაც შეეხება ვერტმფრენს, უკრაინული მედიის ცნობით, ის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას არაერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა რომ „ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა წარმოუდგენლად მძიმე ფასის, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.
უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის კიევის ოლქში მომხდარის გამო მიუსამძიმრა ევროკავშირის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო. მიშელმა დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ შმიგალსა და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა.
„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სამძიმარი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ. მისი თქმით, დენის მონასტირსკი გაერთიანებული სამეფოს ნამდვილი მეგობარი იყო.
კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. საკუთარი სამძიმრის განცხადება პაპუაშვილმა „ტვიტერში“ დაწერა და ტრაგედიას სულისშემძვრელი უწოდა.
„ ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედიაა უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერში“.
გიორგი გლოველი