ქაბულის მაღაზიების უცნაური სანახაობა – სახის გამოჩენა უკვე თოჯინებსაც ეკრძალებათ (ვიდეო)
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მაღაზიებში ქალის ტანსაცმლის გამყიდველები მანეკენებს სახეს უფარავენ. თოჯინას თავზე ან პოლიეთილენის პარკს აცმევენ, ან კიდევ სახეზე წებოვან ლენტს (სკოჩს) აკრავენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ერთი მხრივ, თალიბანის მიერ შემოღებული წესები არ დაარღვიონ, მეორე მხრივ კი, ამგვარად ცდილობენ გამოხატონ პროტესტი ხელისუფლების პურიტანული პოლიტიკის წინააღმდეგ, – იტყობინება Associated Press-ი.
2021 წელს, ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანის ცოდვებისა და სათნოების სამინისტრომ მოითხოვა, რომ ყველა მანეკენისთვის თავი მოეკვეთათ. მათი ბრძანება ეფუძნება ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციას, რომელიც კრძალავს ადამიანის სახის ქანდაკებებსა და გამოსახულებებს, რადგან მათ შეიძლება თაყვანი სცენ, როგორც კერპებს. თუმცა ეს ასევე თანხვედრაშია თალიბანის იმ კამპანიასთან, რომელიც ქალების შევიწროებას ემსახურება.
ახალ წესს დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელთა ერთი ნაწილი ახალ წესს დაექვემდებარა, სხვებმა კი აღშფოთება გამოხატეს. ისინი სწუხდნენ, რომ შესაბამისად ვერ წარადგენდნენ საკუთარ პროდუქციას, ან იძულებულნი იქნებოდნენ მანეკენები დაეზიანებინათ. თალიბანი იძულებული გახდა ბრძანება შეეცვალა და მაღაზიების მფლობელებისთვის მიეცათ უფლება მანეკენების სახეები დაეფარათ.
ახლა სხვადასხვა გამყიდველის მრავალფეროვანი გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ Lycee Maryam-ზე, ქაბულის ჩრდილოეთის რაიონში, სადაც საშუალო კლასის მომხმარებელზე გათვლილი ტანსაცმლის მაღაზიებია განლაგებული. მაღაზიების ვიტრინები და დარბაზები გაფორმებულია მანეკენებით, რომლებიც ფერადი საღამოს კაბების პრეზენტაციას ახდენენ, მაგრამ ამავე დროს ყველა მათგანის სახე დაფარულია.
ერთ-ერთ მაღაზიაში მანეკენებს სპეციალური შეკვეთით დამზადებული ტომრები ჩამოაცვეს თავზე, რომლებიც იმავე მასალისგან შეკერეს, რა მასალისა და ფერის კაბაც აცვია მანეკენს.
“საქორწინო, საღამოს და ტრადიციული კაბების ყიდვა ხალხისთვის აღარ არის პრიორიტეტული. ისინი უფრო იმაზე ფიქრობენ, იყიდონ საკვები და გადარჩნენ”, – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
თალიბანის ახალმა აკრძალვამ ზოგიერთს ფანტაზია “გაუღვიძა”, ასე მაგალითად, მაღაზიის კიდევ ერთმა მფლობელმა ჰაკიმმა მანეკენებს თავზე ალუმინის ფოლგა ჩამოაცვა. მისი აზრით, ეს მანეკენებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
როგორც ხალხი ამბობს, თალიბანის სათნოების სამინისტროს აგენტები რეგულარულად პატრულირებენ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მანეკენები თავმოჭრილი ან დაფარულია.
“ყველამ იცის, რომ მანეკენები კერპები არ არიან და მათ თაყვანისცემას არავინ აპირებს. ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში მანეკენებს ტანსაცმლის გამოსაფენად იყენებენ”, – აცხადებენ ქაბულის მცხოვრებლები.
ახალი კანონის თანახმად, სახე არ უნდა გამოუჩნდეს არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის მანეკენებსაც.
თარგმანი: შორენა ღავთაძე